Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა შეშფოთებას გამოთქვამს სირიაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების გამო


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა „სერიოზული შეშფოთების გამომწვევ დიდ მოვლენად“ მიიჩნევს სირიაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებას. ეს შეფასება მან ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში გამოთქვა. „რაც ვნახეთ, მიანიშნებს იმაზე, რომ საქმე ეხება სერიოზული შეშფოთების გამომწვევ მართლაც დიდ მოვლენას. ჩვენ უკვე გვაქვს კომუნიკაცია მთელს საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ვმუშაობთ გაეროში, რათა ვცადოთ, მივაღწიოთ უკეთესი ზომების მიღებას და მოვუწოდებთ სირიის მთავრობას, დაუშვას გამოძიება ადგილზე, რადგან გაეროს ექსპერტები ამჟამად სირიაში იმყოფებიან“, - აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. 21 აგვისტოს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდებას ასევე გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი. სამხრეთ კორეაში ვიზიტისას, მანაც მოუწოდა სირიის მთავრობას გაეროს გამომძიებლებთან თანამშრომლობისაკენ. ამასობაში, გაერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მილიონს მიაღწია ბავშვების რიცხვმა, ვისაც სამოქალაქო ომმა აიძულა სირიიდან გაქცევა. სულ, სავარაუდოდ, ორი მილიონი ადამიანია გაქცეული სირიიდან 2,5 წლის წინ ომის დაწყების შემდეგ. გაეროს ბავშვთა ფონდის, "უნისეფის" და გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, სირიაში ადილნაცვალ პირად ითვლება კიდევ ორ მილიონამდე არასრულწლოვანი.
XS
SM
MD
LG