Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭო გმობს ლიბანში მომხდარ აფეთქებებს


გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო ლიბანში ორი დანაღმული მანქანის აფეთქების ფაქტი, რასაც სულ მცირე 42 ადამიანი ემსხვერპლა და კიდევ ასობით დაიჭრა. ერთხმად მიღებულ დეკლარაციაში უშიშროების საბჭო აცხადებს, რომ „მტკიცედ გმობს ტერორისტულ თავდასხმებს“, რომლებიც პარასკევს განხორციელდა, ძირითადად სუნიტებით დასახლებული ქალაქ ტრიპოლის ორი მეჩეთის წინ. გაეროს უშიშროების საბჭო ლიბანელ ხალხს ეროვნული ერთიანობის დაცვისკენ მოუწოდებს იმ ფონზე, როცა, მისი თქმით, არის ქვეყნის სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობები. ამასთან, გაეროს უშიშროების საბჭო ლიბანელებს სთხოვს არც ერთი ფორმით არ ჩაერიონ მეზობელ სირიაში არსებულ კრიზისში. გასულ კვირაში ლიბანში აფეთქებები მოხდა ბეირუთიდან სამხრეთით მდებარე რეგიონში, სადაც ძირითადად შიიტები სახლობენ და რომელსაც ჰესბოლას დაჯგუფება აკონტროლებს. ძალადობის შემთხვევები ზრდის შეშფოთებას, რომ ლიბანში მოქმედი ფრაქციები სულ უფრო ინტენსიურად ერთვებიან სირიაში მიმდინარე კონფლიქტში.
XS
SM
MD
LG