Accessibility links

logo-print

მაია ფანჯიკიძე: ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება საქართველოს უკვე აღებული და შესრულებული აქვს


ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება საქართველოს უკვე აღებული და შესრულებული აქვს, ახლა კი ჯერი რუსეთზეა - განაცხადა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. მისი განმარტებით, ძალის გამოუყენებლობა ნაწილია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შედგა და სწორედ ამ შეთანხმების შესასრულებლად შეიქმნა ჟენევის ფორმატი. მაია ფანჯიკიძის თქმით, საქართველომ ცალმხრივადაც იკისრა ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება 2010 წელს, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა შესაბამისი განცხადება და ეს პოზიცია საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამაც დაადასტურა. ”ახლა ჯერია რუსეთზე, რომელიც ვალდებულებებს არ ასრულებს", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. რაც შეეხება სერგეი ლავროვის სიტყვებს, რომ მიესალმებიან საქართველოს მთავრობის განზრახვას აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგის შესახებ, მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, რუსეთმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არასწორად გაიგო. ”ლაპარაკია არა იმ კონტექსტზე, რომელსაც ბატონი ლავროვი გულისხმობს, არამედ ნდობის აღდგენაზე, იმაზე, რომ შეცდომები ჩვენც უნდა ვაღიაროთ და ვეცადოთ ერთმანეთისკენ მიმავალი გზების პოვნას”, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ და ეკონომიკური წარმატების და ქვეყნის განვითარების პარალელურად ექნება თბილისს იმის საშუალება, რომ აფხაზებსა და ოსებს დაუდასტურის ერთად ცხოვრების სურვილი და დასახოს ერთიანი ქვეყნის მომავალი.
XS
SM
MD
LG