Accessibility links

logo-print

სერგეი ლავროვის თქმით, დასავლეთი ორმაგი სტანდარტის გამოყენებას ცდილობს


”აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო პოზიციების თვალსაზრისით არსებობს ძლიერი მიკერძოებულობა, რომელსაც იჩენენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და ზოგიერთი სხვა ქვეყანაც”, - ამის შესახებ აფხაზეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სერგეი ლავროვის თქმით, დასავლეთი ხედავს და აცნობიერებს იმას, რაც კავკასიაში ხდება, მაგრამ ინერციით ცდილობს გამოიყენოს ორმაგი სტანდარტი და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის უკვე შემდგარი ფაქტის პოლიტიზებას ახდენს. ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი მიესალმება საქართველოს მთავრობის განცხადებებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგისა და ურთიერთობის მოგვარების შესახებ. ”თუ ამოსავალი იქნება უბრალო ადამიანების ინტერესები, მათი რეალიზაცია და დახმარება ყოველდღიურ საკითხებზე კავშირების დასამყარებლად, ყველა გეოპოლიტიკური ცრურწმენა შესაძლოა გვერდით გადაიდოს”, - განაცხადა ლავროვმა. ამასთან, მან შეუსრულებელი უწოდა თბილისის სურვილს საქართველოს შემადგენლობაში ჰყავდეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ამავე ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს ხანში შეთანხმდება საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ჟენევის დისკუსიის ფარგლებში განიხილება.
XS
SM
MD
LG