Accessibility links

logo-print

ვაშინგტონი უარყოფს ცნობას, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკებას საფრთხე შეექმნა


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ გაუქმდა ისრაელსა და პალესტინელებს შორის, აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების შემდგომი რაუნდი. ისრაელის გაზეთი „ჰაარეცი“ იტყობინებოდა, რომ პალესტინელების ლიდერებმა გააუქმეს ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკების ორშაბათისათვის დაგეგმილი რაუნდი. ეს ცნობა მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისრაელის უშიშროების ძალებმა სამი ადამიანი მოკლეს და ათობით ადამიანი დაჭრეს იერუსალიმთან, პალესტინელი ლტოლვილების ბანაკში. ისრაელის პოლიციის ცნობით, უშიშროების ძალების წევრები ორშაბათს შევიდნენ ბანაკში ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი პირის დასაკავებლად, რასაც პალესტინელებთან შეტაკება მოჰყვა. ამ წყაროს ცნობით, პალესტინელები ქვებს და აალებად ყუმბარებს ესროდნენ ისრაელის წარმომადგენლებს, რის შედეგადაც უშიშროების ძალების სამი წევრი დაიჭრა. პალესტინელი ოფიციალური პირების ცნობით, ისრაელის წარმომადგენლებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს, დაიჭრა ათობით ადამიანი. ისრაელის პოლიცია უარყოფს ბრალდებას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ.
XS
SM
MD
LG