Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭელაში მინარეთის დემონტაჟი ბათუმის მეჩეთთან გააპროტესტეს


ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი გუშინ გვიან ღამით ბათუმის მეჩეთთან გააპროტესტეს. საღამოს ლოცვის შემდეგ მორწმუნეები მეჩეთთან შეიკრიბნენ და განაცხადეს რომ მუსლიმანთა სამლოცველოს ნგრევა მიუღებელია. როგორც აქციაზე მყოფმა ნოდარ დავითაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიკვლიოს ბოლო პერიოდის განმავლობაში მუსლიმანების მიმართ განხორციელებული სხვადასხვა უკანონო ქმედება. "ქართველი მუსლიმები შეძრწუნებული ვართ სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის გამო. ეს მოხდა ძალიან უხეში მეთოდით, არიან დაკავებულები და გალახულები. ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ, ლოცვის და სამლოცველოს აშენების უფლებაც გვაქვს. ეს უკვე მერამდენედ მეორდება შეურაცხყოფები მუსლიმების მიმართ", - აღნიშნა ნოდარ დავითაძემ. გვიან ღამით, მეჩეთის ადმინისტრაციაში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე და მუსლიმთა სამმართველოს წევრები შეიკრიბნენ. როგორც მუფთმა აღნიშნა, ძალიან შეურაცხყოფილია ჭელაში მომხდარი ინციდენტის გამო. მუსლიმანთა სამმართველო დღეს ადიგენში გაემგზავრება. გუშინ ჭელაში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული 11 პირი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება, 10 ადამიანი კი გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG