Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაიდო სირიის საკითხზე აშშ-ისა და რუსეთის დიპლომატების შეხვედრა


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გადადო სირიის თემაზე დაგეგმილი კონფერენციის მოსამზადებელი დიპლომატიური შეხვედრა. დიპლომატების შეხვედრა ჰააგაში ოთხშაბათს უნდა გამართულიყო. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, შეხვედრა გადაიდო მიმდინარე კონსულტაციების გამო, სადაც მსჯელობენ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებისათვის ადეკვატური პასუხის გაცემაზე. შეხვედრა უნდა შემდგარიყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანს, სირიაში აშშ-ის ელჩ რობერტ ფორდსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ბოგდანოვსა და გენადი გატილოვს შორის: „ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს რუს კოლეგებთან ერთად, რათა შეხვედრის თარიღი ხელახლა დავგეგმოთ“, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი. რამდენიმე ხნით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მკაცრად გააკრიტიკა სირიის ხელისუფლება „ქიმიური იარაღის გაუმართლებელი გამოყენების“ გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამასთანავე აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებს გაეროს უსაფრთხოების საბჭოსთვის არ წარუდგენიათ არანაირი მტკიცებულება, რომ სწორედ სირიის ხელისუფლებამ გამოიყენა ქიმიური იარაღი.
XS
SM
MD
LG