Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი სამეურვეო საბჭოს კრიზისის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კრიზისის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს მაუწყებლის მენეჯმენტი. მის დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ მენეჯმენტი ყოველთვის ცდილობდა და მომავალშიც ეცდება საქმიანი და პოზიტიური თანამშრომლობით წარმართოს ურთიერთობა სამეურვეო საბჭოსთან, თუმცა მეურვეთა მიერ 27 აგვისტოს გამოთქმული პოზიცია კვლავ ადასტურებს სამეურვეო საბჭოს სურვილს ”მოახდინოს მენეჯმენტის დისკრედიტაცია და კოლექტივში შეიტანოს ქაოსი, რაც რეალური კრიზისის შექმნის სურვილზეც მიანიშნებს.” საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 27 აგვისტოს განაცხადა, რომ გენერალურმა დირექტორმა ვერ წარუდგინა ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი, ფინანსურად დასაბუთებული გადაცემების აღწერილობა და მათი წარმოების გეგმა, რომლის არარსებობა მაუწყებელს ახალი საეთერო სეზონის ჩაშლის და ფინანსური კოლაფსის საფრთხეს უქმნის. სამეურვეო საბჭოს განცხადებითვე, საგანგაშოა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელი რეიტინგი 3%-ს არ აჭარბებს. ეს ბრალდებები დღეს უარყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა, რომლის განცხადებით, გენერალურმა დირექტორმა საბჭოს მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინა ინფორმაცია ახალი სეზონის ბადით გათვალისწინებული გადაცემების, მათი ფორმატის და ბიუჯეტის შესახებ და მაუწყებლის განვითარების კონცეფცია. მენეჯმენტის განცხადებითვე, სრულიად გაუგებარია, რა წყაროებსა და კვლევებს ეყრდნობა სამეურვეო საბჭო, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგის შემცირებაზე საუბრობს.
XS
SM
MD
LG