Accessibility links

logo-print

ევროკავშირის და მისი სამეზობლოს სიახლეები


ვიქტორ იანუკოვიჩი

ვიქტორ იანუკოვიჩი

უკრაინის ევროპული მისწრაფებები კრემლის ზეწოლას აძლიერებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა 3 სექტემბერს ამ ქვეყნის პარლამენტს ისეთი კანონების მიღებისკენ მოუწოდა, რომლებიც ქვეყნის პროევროპული მისწრაფებების საფუძველი გახდება, მიუხედავად რუსეთის მხრიდან კიევზე განახლებული ზეწოლისა დასავლეთისკენ აღებული კურსის შეჩერების მიზნით.

თუმცა, როგორც სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თავად იანუკოვიჩს სდებენ ბრალს უკრაინის პროევროპული პოლიტიკისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში იმით, რომ მან არ შეასრულა დაპირება პოლიტიკური სასამართლო პროცესების შეწყვეტის თაობაზე და დუმილს ინარჩუნებს თავისი მთავარი მეტოქის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოს შესახებ. დასავლეთის მთავრობებს ტიმოშენკოს განთავისუფლება სურთ.

ევროკავშირი აცხადებს, რომ ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ტიმოშენკოს გასამართლება პოლიტიკური იყო. იმ ფაქტმა, რომ ტიმოშენკო კვლავაც საპატიმროში იმყოფება, შესაძლოა წინაღობა შეუქმნას ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმებას ვილნიუსის სამიტზე, რომელიც ნოემბერში გაიმართება.

პარლამენტის წინაშე გამოსვლისას იანუკოვიჩმა დეპუტატებს მოუწოდა მოამზადონ კანონპროექტები, რომლებიც მიმართული იქნება სასამართლოს და სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმასა და კორუფციასთან ბრძოლაზე, რათა ეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ევროკავშირის სტანდარტებს მიუახლოვდეს.

28 წევრისგან შემდგარ ევროკავშირს შემუშავებული აქვს დემოკრატიული პროგრესის კრიტერიუმი, რომელიც, ბრიუსელის თქმით, უკრაინამ უნდა დააკმაყოფილოს საიმისოდ, რომ ნოემბერში ხელშეკრულებები გაფორმდეს.
მაშინ, როცა კიევი ცდილობს ევროკავშირი დაარწმუნოს, რომ უკრაინა მისთვის სამომავლოდ ღირსეული პარტნიორი იქნება, უკრაინაზე ზეწოლას აძლიერებს მისი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი, რუსეთი, რომელსაც სურს უკრაინა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი საბაჟო გაერთიანების წევრად იხილოს.

რუსეთი შიშობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის ზონაში შევა, რუსეთის ბაზარზე დიდი რაოდენობით გაჩნდება კონკურენციის მაღალი პოტენციალის მქონე საქონელი.
რუსეთმა უკრაინის მიმართ უკვე გაატარა გამაფრთხილებელი ზომები - გასულ თვეში უკრაინიდან იმპორტირებულ საქონელს საბაჟოზე დამატებითი შემოწმება ჩაუტარა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი ისაუბრა შესაძლო „დამცავ“ ზომებზე, რომლებსაც მოსკოვი და მისი საბაჟო მოკავშირეები - ბელორუსია და ყაზახეთი - გაატარებენ.

ამ ზეწოლის შედეგად, რუსეთის და უკრაინის ურთიერთობაში დაძაბულობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. ისმის საუბარი სავაჭრო ომის შესახებ. ამ ფონზე, უკრაინა წარუმატებლად ცდილობს მიაღწიოს რუსეთიდან იმპორტირებული გაზის ფასის დაწევას, რათა მისმა ეკონომიკამ შვება იგრძნოს.

სამშაბათს კრემლმა კიდევ ერთი განცხადებით გამოხატა უკმაყოფილება უკრაინის დასავლეთისკენ სწრაფვის გამო. საბაჟო გაერთიანების საკითხებში პუტინის მთავარმა წარმომადგენელმა სერგეი გლაზევმა განაცხადა, თუ უკრაინა ევროკავშირთან ხელშეკრულებებს გააფორმებს, მას, შესაძლოა, რუსეთის განსაკუთრებული პარტნიორის სტატუსი მოეხსნასო. „კომერსანტის“ უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში გლაზევმა თქვა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით უკრაინა დაკარგავს საკუთარ თავზე დამოკიდებულად ყოფნის შესაძლებლობას და ჩვენთვის აღარ იქნება სტრატეგიული, ერთიანი პარტნიორიო.

რუსეთი, რომელსაც უკრაინის გაზსადენების ქსელზე კონტროლის დამყარება სურს, გაზის ფასების დაწევის პერსპექტივას იყენებს საიმისოდ, რომ კიევი რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ საბაჟო გაერთიანებაში შეიყვანოს. თუმცა გასულ კვირაში იანუკოვიჩმა ამგვარ გარიგებებს „შეურაცხმყოფელი“ უწოდა.

სამშაბათს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას იანუკოვიჩი მოსკოვის დამშვიდებას შეეცადა და განაცხადა, უკრაინა რუსეთს ყოველთვის სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავსო.

„მცდელობები, ევროპული მიმართულებით თანამშრომლობა წარმოჩნდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - რუსეთთან და ევრაზიული საზოგადოების ქვეყნებთან -თანამშრომლობის საწინააღმდეგო ქმედებად, საფუძველს მოკლებულიაო“, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ევროსაბჭო მაგნიტსკის ანგარიშზე იმსჯელებს

ოთხშაბათს, 4 სექტემბერს, ევროსაბჭო პარიზში გამართავს სხდომას და იურისტ მაგნიტსკის საქმის გარშემო რუსეთის შესახებ კრიტიკული რეზოლუციის დამტკიცებაზე იმსჯელებს. რუსეთის წარმომადგენელი დეპუტატები აცხადებენ, რომ რეზოლუციის ტექსტს შეეწინააღმდეგებიან.
ამ ცნობას ავრცელებს ევროკავშირის პოლიტიკაზე სპეციალიზებული საინტერნეტო გამოცემა EU Observer-ი.

რეზოლუცია ივნისში შეადგინა შვეიცარიელმა დეპუტატმა, მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის პოლიტიკოსმა, ანდრეა გროსმა. ტექსტი რუსეთის მთავრობის წევრებს ბრალს სდებს სერგეი მაგნიტსკის სიკვდილის ხელშეწყობაში მაშინ, როცა მაგნიტსკი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.
იურისტი სერგეი მაგნიტსკი 2009 წელს, 37 წლის ასაკში, გარდაიცვალა მოსკოვში, წინასწარი დაკავების იზოლატორში. გავრცელებული ცნობებით, გარდაცვალებამდე მას სცემდნენ და სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას არ აძლევდნენ. ის დაკავებულ იქნა მას შემდეგ, რაც ფარდა ახადა სახელმწიფო სახსრების მითვისების დანაშაულებრივ სქემას, პოლიციისა და მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით.

„ეჭვგარეშეა, რომ მაგნიტსკის სიკვდილის რამდენიმე მიზეზი განზრახ შეიქმნა იმ პირების მიერ, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელია“, - წერია გროსის მიერ მომზადებულ ანგარიშის პროექტში.

ანგარიში ევროსაბჭოს 47 წევრ ქვეყანას მოუწოდებს „გონივრული სანქციები“ დაუწესონ რუსეთის იმ ოფიციალურ პირებს, რომელთა სახელებიც მაგნიტსკის სიკვდილს უკავშირდება.

ამასთან, რეზოლუცია რუსეთს სთხოვს დახმარება გაუწიოს ევროპოლს და ევროკავშირის ექვსი წევრი ქვეყნის საგამოძიებო ორგანოებს, რათა დადგინდეს სიმართლე ამ მოვლენებთან დაკავშირებული ფულის გათეთრების საქმის ირგვლივ.

თუმცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული საქმეების და ადამიანის უფლებების კომიტეტის წევრი რუსი დეპუტატები აცხადებენ, რომ ტექსტის დამტკიცებამდე შეეცდებიან მიაღწიონ მისი მკაცრი ფორმულირებების შერბილებას.

ვლადიმირ პუტინის „ერთიანი რუსეთის“ პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატმა ალექსეი პუშკოვმა 25 ივნისს რუსეთის სათათბიროს წევრებს უთხრა, შევეცდებით ტექსტის შინაარსზე გავლენა მოვახდინოთ - რეზოლუციის პირველი გვერდი მაგნიტსკის კორუფციასთან მებრძოლად გამოსახავს, ის კი ასეთი არასოდეს ყოფილაო.

მაგნიტსკის სიკვდილის მიზეზები დადგენილი არ არისო, დასძინა პუშკოვმა.
ივლისში მოსკოვის სასამართლომ მაგნიტსკი გადასახადების გადაუხდელობაში ცნო დამნაშავედ. მაგნიტსკის 2008 წელს წაუყენეს ბრალად გადასახადების გადაუხდელობა - მას შემდეგ, რაც მან გამოააშკარავა 230 მილიონი დოლარის მოცულობის საგადასახადო მაქინაციების კორუფციული სქემა, რომელშიც რუსეთის პოლიციისა და მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მაგნიტსკის პროცესი თანამედროვე რუსეთის ისტორიაში პირველი შემთხვევაა გარდაცვალების შემდეგ გასამართლებისა, რამაც უფლებადამცველებს გაუძლიერა შეშფოთება რუსეთში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობის ირგვლივ.

აშშ-ის კონგრესმა მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებული კანონი 2012 წლის მიწურულს შემოიღო. კანონით სანქციები დაუწესდათ მაგნიტსკის დევნასა და სიკვდილთან დაკავშირებულ პირებს.
XS
SM
MD
LG