Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პრემიერი სახიფათოდ მიიჩნევს სირიის საკითხში უმოქმედობას


საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან-მარკ ერო შიშობს, რომ თუ საპასუხო ზომა არ მოჰყვება სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას, საფრთხე შეექმნება „მშვიდობასა და უსაფრთხოებას“ მთელს რეგიონში. ერომ ეს შეფასება გამოთქვა საფრანგეთის პარლამენტში გამოსვლისას, რომლის დროსაც შეეცადა სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისათვის კანონმდებლების მხარდაჭერის მოპოვებას. ეროს აზრით, უმოქმედობა ცუდ სიგნალს გაუგზავნიდა ირანსა და ჩრდილოეთ კორეას, რომელთა ბირთვული პროგრამებიც საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებას იწვევს. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი საჭიროდ მიიჩნევს შეერთებულ შტატებთან ერთად მოქმედებას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, სირიაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების საპასუხოდ. ამასთან, ოლანდი უარს ამბობს ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომ პარლამენტს მიანდოს გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, უნდა განახორციელოს თუ არა საფრანგეთმა სამხედრო ოპერაცია. საფრანგეთის მთავრობამ ორშაბათს წარუდგინა კანონმდებლებს, მისი თქმით, მტკიცებულებები, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ქიმიური იარაღით „მასიურ და კოორდინირებულ“ თავდასხმაზე, რომელიც 21 აგვისტოს დამასკის გარეუბნებში მოეწყო.
XS
SM
MD
LG