Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილის აზია-ევრაზია


„საქართველოს მთავრობას ამ ეტაპზე ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ გააჩნია“ - პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ 4 სექტემბერს გაკეთებულმა ამ განცხადებამ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც. პოლიტიკის ექსპერტების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის ამგვარი განცხადება წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან. რას ეფუძნება ევრაზიული კავშირის იდეა და რატომ არის ის შეუთავსებელი საქართველოს განვითარებასთან?

4 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ევრაზიული კავშირის შესახებ დასმულ შეკითხვას ბიძინა ივანიშვილმა ასე უპასუხა:

,,რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობ. ამ ეტაპზე არანაირი პოზიცია არ გაგვაჩნია, თუმცა, თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს საინტერესო იქნება, რატომაც არა?!"

მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე გაკეთებულ ამ განცხადებას მოყოლილი ვნებათაღელვის გამო გააკეთა განმარტება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ძირითადი სტრატეგია ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა და ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია:

„როგორც ჩანს, არიან ადამიანები, ვისთვისაც ჩემს სიტყვებს განმარტება სჭირდება, ამიტომ კიდევ ერთხელ ვაცხადებ: თუ ევრაზიულ კავშირს რაიმე თანხვედრა ექნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან, ისე, რომ არ შეეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გაცხადებულ ძირითად სტრატეგიას, მომავალში ამ საკითხსაც განვიხილავთ. და კიდევ გავიმეორებ: რატომაც არა?!“

ეს არის რუსეთის მცდელობა მოძებნოს ახალი ფორმა იმპერიისათვის. ევრაზიის კავშირში შესვლით ჩვენ, ფაქტობრივად, ვიჭრით გზას მოვაწეროთ ხელი ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას...
თორნიკე შარაშენიძე
პრემიერ-მინისტრის მიერ დასმული ამ შეკითხვის პასუხად, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ პრინციპულად შეუძლებელია ევრაზიული კავშირისა და საქართველოს ეროვნული ინტერესების ერთმანეთთან შეთავსება. „ევრაზიულ კავშირში ინტეგრაცია გამორიცხავს ევროკავშირთან დაახლოებას“, - ამბობს შარაშენიძე:

„ევრაზიულობა არ არის ახალი იდეა რუსეთისთვის. ეს არის რუსეთის მცდელობა მოძებნოს ახალი ფორმა იმპერიისათვის. ევრაზიის კავშირში შესვლით ჩვენ, ფაქტობრივად, ვიჭრით გზას მოვაწეროთ ხელი ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ევროკავშირის მოთხოვნაა: მე მაქვს ჩემი ბაზარი, სტანდარტები და თუ შენ შედიხარ ევრაზიულ კავშირში, რომელსაც სხვა სტანდარტები აქვს, მაშინ დარჩი იქ, სადაც ხარ!“.

თორნიკე შარაშენიძის თქმით, ევრაზიულ კავშირს ამ ეტაპზე აქვს ერთადერთი განზომილება რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსიის საბაჟო კავშირის სახით. პროფესორი რევაზ გაჩეჩილაძე - საქართველოს ყოფილი ელჩი იზრაელსა და სომხეთში - ამბობს, რომ რუსეთი არ დასჯერდება მხოლოდ საბაჟო კავშირის შექმნასა და გაფართოებას.

„საბაჟო კავშირები ადრეც არსებობდა. ასეთი კავშირი ყოველთვის იყო პრერეკვიზიტი, ანუ წინასწარი ნაბიჯი პოლიტიკური გაერთიანებისკენ. ასეთი იყო, მაგალითად, გერმანიის ტერიტორიაზე მე-19 საუკუნეში არსებული საბაჟო კავშირები, რომლებიც, საბოლოოდ, დასრულდა გერმანიის იმპერიის შექმნით, მაგრამ იმ ქვეყნებს ჰქონდათ საერთო ენა, საერთო კულტურა, საერთო პოზიცია. ევრაზიის კავშირი არის შემდეგი ნაბიჯი ამ საბაჟო კავშირიდან ერთგვარ კონფედერაციამდე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასში შემავალი ქვეყნები დაკარგავენ სუვერენიტეტს, მაგრამ ფაქტია, რომ ევრაზიულ კავშირში ვინც გაერთიანდება, მან უნდა პრაქტიკულად აღიაროს რუსეთის ჰეგემონია“, უთხრა რევაზ გაჩეჩილაძემ რადიო თავისუფლებას.

რუსეთშიც არ მალავენ, რომ ევრაზიული კავშირი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს გამოდევნებული ქვეყნების ერთობა. ასე ფიქრობს ახალი ევრაზიული კავშირის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, რუსი ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი:

ჩვენ უნდა განვიხილოთ, ვიმსჯელოთ და თუ ეს საქართველოს ინტერესებშია, მაშინ არანაირი პრობლემა და ახირებული აზრი არ უნდა გვქონდეს ევრაზიულ კავშირთან მიმართებით და თუკი მოიხსნება საბაჟო ბარიერები და ქართული პროდუქცია შევა რუსეთის ბაზარზე ზედმეტი ბიუროკრატიული წინაღობების გარეშე, ეს ჩვენისთანა პატარა და სუსტი ქვეყნისათვის მხოლოდ სარგებლის მომტანი იქნება...
გულბაათ რცხილაძე
„მივადექით ინტეგრაციული პროცესის უფრო მნიშვნელოვან მხარეს - ინტეგრაციის იდეოლგიას, ინტეგრაციის ფასეულობათა სისტემას, ამ ინტეგრაციის პოლიტიკურ, კულტურულ და მსოფლმხედველობით განზომილებას, რადგანაც ეკონომიკური ხასიათის არგუმენტი, თუ რატომ არ არის სასარგებლო ევრაზიულ კავშირში გაერთიანება, აკმაყოფლებს ჩვენი საზოგადოებების მხოლოდ გარკვეულ ნაწილს, დანარჩენი, გაცილებით დიდი სეგმენტებისათვის კი მნიშვნელოვანია ევრაზიული კავშირის აუცილებლობის უფრო საფუძვლიანი დასაბუთება, მათთვის აუცილებელია ევრაზიული ინტეგრაციის პროცესის მსოფლმხედველობითი უზრუნველყოფა“.

ალექსანდრ დუგინს მიმდევრები საქართველოშიც აღმოაჩნდა. სწორედ ისინი მიესალმნენ ბიძინა ივანიშვილის მიერ ევრაზიულ კავშირზე გაკეთებულ განცხადებას. „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის გულბაათ რცხილაძის თქმით, მისთვის მიუღებელია ევრაზიულ კავშირზე ისტერიული საუბარი.

„ძალიან ვაფასებ ბატონი ბიძინას ამ განცხადებას, რადგანაც ამით დაუსვა წერტილი ისტერიკას. ჩვენ უნდა განვიხილოთ, ვიმსჯელოთ და თუ ეს საქართველოს ინტერესებშია, მაშინ არანაირი პრობლემა და ახირებული აზრი არ უნდა გვქონდეს ევრაზიულ კავშირთან მიმართებით და თუკი მოიხსნება საბაჟო ბარიერები და ქართული პროდუქცია შევა რუსეთის ბაზარზე ზედმეტი ბიუროკრატიული წინაღობების გარეშე, ეს ჩვენისთანა პატარა და სუსტი ქვეყნისათვის მხოლოდ სარგებლის მომტანი იქნება“, უთხრა გულბაათ რცხილაძემ რადიო თავისუფლებას.

გულბაათ რცხილაძის ამგვარ ოპტიმიზმს არ იზიარებს ეკონომიკისა და პოლიტიკის ბევრი ექსპერტი. აი, რა უთხრა რადიო თავისუფლებას ამერიკაში დაფუძნებული დემოკრატიის ეროვნული ფონდის დირექტორთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარემ, ეკონომისტმა ჯუდი შელტონმა:

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამ ქვეყნებს ეუბნება, ჩვენთან სიახლოვე საბაჟო კავშირის ქონის უპირატესობას განიჭებთო, ხოლო უკრაინას იმასაც კი უმტკიცებს, ამის გაუკეთებლობა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდაო, მოდი, ვნახოთ, როგორ მუშაობს ამგვარი ლოგიკა, ვთქვათ, ბელორუსიის შემთხვევაში. გასულ კვირაში რუსეთმა გამოაცხადა, რომ მიმდინარე თვეში ბელორუსიას 25 პროცენტით უმცირებს ნავთობის მიწოდებას. მომავალში რუსეთი აპირებს, შემოიღოს შეზღუდვები ბელორუსიის რძის პროდუქტებისთვის, ხოლო 30 აგვისტოს მან უკვე აკრძალა ბელორუსიიდან ღორის ხორცის იმპორტი. ქვეყანა, რომელიც საბაჟო კავშირში შესვლით დამოკიდებული ხდება რუსეთზე, უნდა დაფიქრდეს, უნდა თუ არა დაემსგავსოს ბელორუსიას, რომლის იმპორტის ნახევარი რუსეთიდან მოდის და რომლის საექსპორტო პროდუქციის 40 პროცენტი რუსეთში მიდის. ვფიქრობ, აქ საუბარი იმაზეა, რომ, უბრალოდ, არ გსურს იყო სხვისი დომინირებისა და კონტროლის ქვეშ, რაც ნებისმიერ ქვეყანას აქცევს გამოძალვისა თუ დასჯის ობიექტად".

უკრაინასთან ერთად, ყველაზე მაღალია. ეს არის ქართველი ხალხის დიდი მიღწევა. ეს არ არის მარტო მთავრობების მიღწევა. მაგალითად, ის, რომ ჩვენ გვყავს ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია და ასეთი ძლიერი, ხუმრობა საქმე არ არის! ...
რევაზ გაჩეჩილაძე
ჯუდი შელტონის თქმით, ქვეყნები უნდა დააეჭვოს იმ ფაქტორმა, რომ რუსეთი კავშირში შესვლას ისე იოლს ხდის, რომ საჭირო არ არის არანაირი სამართლებრივი ან პოლიტიკური რეფორმები - არანაირი თხოვნა, რომ ქვეყანამ კონცენტრაცია მოახდინოს კანონის უზენაესობის განმტკიცებაზე ან კორუფციის შემცირებაზე. ფაქტობრივად, ისინი ამბობენ - შემოგვიერთდით, ჩვენ არანაირი სტანდარტები, არანაირი ღირებულებები არ გვაქვსო:

„არა მგონია, რომელიმე ქვეყანას უნდოდეს ისეთ საბაჟო გაერთიანებაში შესვლა, რომელიც აჩვენებს, რომ არ სწამს და საკმარის პატივს არ სცემს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, პოლიტიკურ თავისუფლებას ან თუნდაც ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ქვეყნებს სიფრთხილე მართებთ ისეთ ორგანიზაციაში გაწევრიანებისას, რომელიც მნიშვნელოვან ღირებულებებად არ მიიჩნევს გამჭვირვალობას, კანონის უზენაესობას ან კორუფციასთან ბრძოლას".

საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტები ასევე მიიჩნევენ, რომ რუსეთს რეალურად არ შესწევს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხელახლა ინტეგრირების ძალა. ამერიკელი პოლიტოლოგის ტომას გრემის აზრით, ამჟამად რუსეთი არ არის ევრაზიის დინამიკური ბირთვი, როგორიც საუკუნეების განმავლობაში იყო. ცენტრალურ აზიაში მისი გავლენა დაჩრდილა ჩინეთისამ, რომლის კომერციული გავლენა ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში გაცილებით მნიშვნელოვანია. ბევრად უფრო ძლიერია უკრაინის მიზიდულობა ევროპასთან, ვიდრე რუსეთთან. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, აქაც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა თურქეთისა და ირანის გავლენა, რაც ასევე უშლის ხელს რუსეთის მიერ ინიცირებული ინტეგრაციული პროექტების განხორციელებას. ნიშანდობლივი ფაქტია ის, რომ ევრაზიის საბაჟო კავშირში აქამდე მხოლოდ რუსეთი, ყაზახეთი და ბელორუსია არიან გაერთიანებული. პროფესორ რევაზ გაჩეჩილაძის თქმით, სომხეთის მზადყოფნა შევიდეს საბაჟო კავშირში, უფრო ხელების გადაგრეხას ჰგავს, ვიდრე თავისუფალ არჩევანს. რაც შეეხება საქართველოს, ამასთან დაკავშირებით რევაზ გაჩეჩილაძე ამბობს:

„ჩვენ მეტი თავისუფლება გვაქვს ამ შემთხვევაში. ჩვენ დემოკრატიული საზოგადოება მაინც ავაშენეთ, მიუხედავად ყველაფრისა. ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე, თუ არ ჩავთვლით ბალტიის ქვეყნებს, ჩვენი დემოკრატიის ხარისხი, უკრაინასთან ერთად, ყველაზე მაღალია. ეს არის ქართველი ხალხის დიდი მიღწევა. ეს არ არის მარტო მთავრობების მიღწევა. მაგალითად, ის, რომ ჩვენ გვყავს ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია და ასეთი ძლიერი, ხუმრობა საქმე არ არის! არც სომხეთში და არც აზერბაიჯანში ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია არ არის და არც ასეთი ძალა აქვთ. ჩვენთან კი აქვთ ძალა. ასე რომ, ნებისმიერ მთავრობას უხდება ანგარიშის გაწევა საზოგადოებრივი აზრისათვის, რომელიც ჩვენთან ასეთია: ჩვენ გვინდა ევროპაში ყოფნა და ეს აზრი არის უალტერნატივო“.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG