Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში დღეს დილით მოკლეს რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი


აფხაზეთში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი, ვიცე-კონსული დმიტრი ვიშერნიოვი მოკლეს. სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ სამართალდამცავებისგან შეიტყო, რომ მამაკაცს ორშაბათს, დაახლოებით 8:30-ზე, სოხუმში, მისი სახლის ავტოფარეხთან თავში ესროლეს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ელჩმა სემიონ გრიგორიევმა სააგენტოს განუცხადა, რომ დიპლომატის მკვლელობის საქმეზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა: „შემიძლია დავადასტურო, რომ მოკლულია საელჩოს პირველი მდივანი დმიტრი ვიშერნიოვი. მიმდინარეობს გამოძიება“. სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს, რომ დიპლომატზე თავდასხმისას დაიჭრა დმიტრი ვიშერნიოვის მეუღლე. ის საავადმყოფოში მოათავსეს და გაუკეთდა ოპერაცია. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ელჩმა სემიონ გრიგორიევმა „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ მკვლელობის „რაიმე ვერსიებზე ლაპარაკი ნაადრევია. ყველაფერი სულ რაღაც სამი საათის წინ მოხდა, გამოძიება მიმდინარეობს“. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს სოხუმის სამმართველოში „აფსნიპრესს“ განუცხადეს, რომ ვიშერნიოვს იმ დროს ესროლეს, როცა მანქანით ავტოფარეხიდან სამსახურებრივი ავტომანქანით გამოდიოდა.
XS
SM
MD
LG