Accessibility links

logo-print

დღეს ტალინში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ესტონეთის პრეზიდენტის შეხვედრა


დღეს ტალინში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ესტონეთის პრეზიდენტის შეხვედრა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ტომას ჰენდრიკ ილვეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ესტონეთის აქტიური ძალისხმევისათვის. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობას ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში კონფლიქტის მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში. დღესვე ბიძინა ივანიშვილი და მისი თანხმლები სამთავრობო დელეგაციის წევრები ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ანდრუს ანსიპს შეხვდნენ. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის ბაზრის სიმცირიდან გამომდინარე, ესტონეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური მაჩვენებლები უმნიშვნელოა, თუმცა, სამთავრობო დონეზე არსებობს მზადყოფნა ინვესტიციების წახალისებისა და ბიზნესურთიერთობის ხელშეწყობისთვის, რაც დადებითად აისახება სავაჭრო-ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. დღესვე საქართველოსა და ესტონეთის ეკონომიკის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს ტალინში გადაწყდა, ის არის, რომ ერთი თვის განმავლობაში მომზადდება ორმხრივი ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულება.
XS
SM
MD
LG