Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ ხადური: საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა


საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი მაჩვენებლებით, 2013 წლის მეორე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ შეადგინა 232 მილიონი დოლარი, რაც ამავე წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს 3%-ით, 2012 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელს კი 7%-ით აღემატება. დღესვე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში 7 თვეში მობილიზებული საგადასახადო შემოსავლები შარშანდელ მაჩვენებელს 31 მილიონი ლარით აღემატება. ნოდარ ხადურის შეფასებით, საქართველოს საბიუჯეტო სფეროში პრობლემები არ არის და ქვეყნის ეკონომიკაში აღმავლობის შეუქცევადი პროცესი დაიწყო. "საქართველოს ეკონომიკაში მეტნაკლები მოცულობის პრობლემები გასული წლის ივლისში დაიწყო და წელს მარტამდე პრობლემები ყოველთვიურად მატულობდა, თუმცა სერიოზული ზომების და ეკონომიკის სისტემური გაჯანსაღების ხარჯზე, მარტიდან ყოველი თვე უკეთესია, ვიდრე წინა", - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა. ხადურის ინფორმაციით, 2013 წლის 8 თვის მონაცემებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ექსპორტის მოცულობა, იანვარ-ივლისში კი, წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ 1,7% შეადგინა.
XS
SM
MD
LG