Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევას ითხოვს


რუსეთი ითხოვს, რომ სასწრაფოდ შეიკრიბოს გაეროს უშიშროების საბჭო სირიის საკითხზე, - იტყობინება გაეროს პრეს ოფისი. 15 წევრისაგან შემდგარი საბჭო დახურული ფორმატის კონსულტაციების გამართვა ევროპის დროით ღამის 10 საათზე გეგმავს. დიპლომატები აცხადებენ, რომ უშიშროების საბჭო იმსჯელებს რუსეთის გეგმაზე, რაც სირიის ხელისუფლების ხელთ არსებული ქიმიურ იარაღზე საერთაშორისო კონტროლის დაწესებას ითვალისწინებს. ამასთან, მოსკოვი აცხადებს, რომ ეს გეგმა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამხორციელდება, თუკი აშშ-ის პრეზიდენტი უარს იტყვის სამხედრო ძალის გამოყენებაზე სირიის რეჟიმის წინააღმდეგ. „ცხადია, ამას აზრი აქვს და მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუკი ჩვენ გავიგონებთ, რომ ამერიკის მხარე და ყველა, ვინ აშშ-ს მხარს უჭერს ამ საკითხში, უარს იტყვის ძალის გამოყენებაზე. რადგან ძნელია აიძულო სირია ან სხვა რომელიმე ქვეყანა, განიარაღდეს ცალმხრივად, თუკი მის წინააღმდეგ რაიმე სახის ძალისმიერი აქცია მზადდება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. აშშ აცხადებს, რომ მზად არის გაითვალისწინოს რუსეთის წინადადება, თუმცა, ვაშინგტონი არ აპირებს დიდხანს ლოდინს. კონგრესის წარმომადგენლთა პალატის თავდაცვის კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მოუწოდა კანონმდებლებს მხარი დაუჭირონ სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გეგმას. „რეალური სამხედრო ძალის მუქარის გარეშე, სირია არ დათანხმდება ასეთ გეგმასთან თანამშრომლობასო,“- განაცხადა ჯონ კერიმ.
XS
SM
MD
LG