Accessibility links

logo-print

აშშ-ს გადაეცა რუსეთის გეგმა, რომელიც სირიის ქიმიურ იარაღს ეხება


რუსმა დიპლომატებმა შეერთებულ შტატებს გადასცეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სირიის ქიმიურ იარაღზე საერთაშორისო კონტროლის დაწესებას. ხუთშაბათს ჟენევაში გაიმართება აშშ-ისა და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების, ჯონ კერისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა. მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ შესაძლოა, სამხედრო დარტყმა მიაყენოს სირიის მმართველ რეჟიმს, დამასკი დათანხმდა რუსეთის გეგმას, საერთაშორისო კონტროლს დაექვემდებაროს სირიის ქიმიური არსენალი. ამასთან, რუსეთი უარყოფს აშშ-ისა და საფრანგეთის მოთხოვნას, რომ გაეროს რეზოლუცია შეიცავდეს „ძალიან მძიმე შედეგებით“ მუქარას, სირიის მიერ რეზოლუციის შეუსრულებლობის შემთხვევაში. საფრანგეთში რუსეთის ელჩმა, ალექსანდრ ორლოვმა რეზოლუციის პროექტს უწოდა „ხაფანგი“, რომლითაც სურთ კარის გაღება სირიაში სამხედრო ინტერვენციისათვის. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამშაბათს საღამოს განაცხადა, რომ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები მზად არიან, შანსი მისცენ ძალისხმევას სირიის ქიმიურ არსენალზე საერთაშორისო კონტროლის დასამყარებლად, თუმცა მომზადებული ეყოლებათ სამხედრო ძალები, სირიის წინააღმდეგ შესაძლო დარტყმისათვის.
XS
SM
MD
LG