Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ცვლის ცესკოს თავმჯდომარის შეცვლა?


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ თამარ ჟვანიას არჩევას იწონებენ როგორც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი. საქმე ისაა, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარი დაუჭირეს ცესკოს იმ წევრებმა, რომლებიც კოალიცია „ქართული ოცნების“ კვოტით არიან დანიშნული. ამასთან, თამარ ჟვანია ცესკოს პირველი თავმჯდომარეა, რომელიც არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციის შედეგად შეირჩა. რას ცვლის ცესკოს თავმჯდომარედ თამარ ჟვანიას არჩევა?

არჩევის შემდეგ თამარ ჟვანიამ, რომელიც წლების განმავლობაში გაეროს განვითარების პროგრამის საარჩევნო პროექტებს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ არ აპირებს 27 ოქტომბრამდე საარჩევნო ადმინისტრაციაში რაიმე სახის მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებას:

„ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობის შეგრძნება. საარჩევნო ადმინისტრაცია იმუშავებს იმ რეჟიმით, რა რეჟიმშიც მუშაობდა, თუმცა აუცილებლად გადაიდგმება ნაბიჯები ვითარების გაუმჯობესებისკენ. შევხვდები ყველა საარჩევნო კომისიის წევრებს, რათა შევისწავლოთ, რამე ტიპის პრობლემა ხომ არ არის. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს. ამ ეტაპზე არ ვაპირებ გადაწყვეტილების მიღებას. როგორც მთავარმა ადმინისტრატორმა, ჯერ მე უნდა გავარკვიო, რომელი კადრი როგორ მუშაობს და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“.
დღევანდელი ვითარება იმითაც განსხვავდება წინა წლების ვითარებისგან, რომ გადაწყვეტილებას არ იღებს ერთი პოლიტიკური ძალა. ყველას კარგად ესმის, რომ არა მართული ადამიანი, არამედ კანონის სწორად აღმსრულებელი არის სასარგებლო თითოეული პოლიტიკური ძალისათვის...
თამარ კორძაია
​თამარ ჟვანიას დაკვირვებით, გამართულად მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომლის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილიც ამბობს, რომ ახალ თავმჯდომარეს საარჩევნო ადმინისტრაციის მდიდარი რესურსებისა და გამართული ინფრასტრუქტურის სახით შრომის კარგი პირობები დახვდა. ამასთან, ზურაბ ხარატიშვილს თამარ ჟვანიას მაღალი პროფესიონალიზმი აფიქრებინებს, რომ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ცესკო მაღალ დონეზე ჩაატარებს. რაც შეეხება ახალი თავმჯდომარის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ზურაბ ხარატიშვილის თქმით, მთავარი გამოწვევა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მომზადება იქნება.

„პოლიტიკური ძალები აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აპირებენ საარჩევნო სისტემის შეცვლას, ისევე როგორც ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლას. ეს ორი ფაქტორი, ბუნებრივია, დიდ გავლენას მოახდენს ადმინისტრაციის მუშაობაზე. მიჭირს იმის თქმა, თუ როგორ უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრაცია მზად შემდეგი არჩევნებისთვის, რომელიც მაისში უნდა გაიმართოს. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული გამოწვევაა!“ - უთხრა ზურაბ ხარატიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის კომპეტენციასა და მაღალ პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარებათ მმართველი კოალიციის წარმომადგენლებსაც. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამარ კორძაიას თქმით, არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარების ყველა წინაპირობაა. შეკითხვას, რა საფუძველი არსებობს ვიფიქროთ, რომ თამარ ჟვანია არ მოექცევა რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ, დეპუტატმა ასე უპასუხა:

„ჯერ ერთი, ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება ნამდვილად არ ახდენს ზეწოლას. ეს არის მთავარი. მეორე კი, თამარ ჟვანიას პიროვნული თვისებები, რომლითაც გამორჩეულია და რის გამოც შეჩერდა მასზე არჩევანი. დღევანდელი ვითარება იმითაც განსხვავდება წინა წლების ვითარებისგან, რომ გადაწყვეტილებას არ იღებს ერთი პოლიტიკური ძალა. ყველას კარგად ესმის, რომ არა მართული ადამიანი, არამედ კანონის სწორად აღმსრულებელი არის სასარგებლო თითოეული პოლიტიკური ძალისათვის“.

ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანიას არჩევას მიესალმა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ოქტომბერში პრეზიდენტის არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. პრემიერ-მინისტრის თქმით, ნიშანდობლივია ის, რომ ცესკოს თავმჯდომარე ნდობით სარგებლობს როგორც პოლიტიკურ კლასში, ასევე არასამთავრობო სექტორში. აი, რას ამბობს თამარ ჟვანიას შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი ვახუშტი მენაბდე:
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე

„პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თამარი არის კანდიდატი, რომელიც წარადგინა სამოქალაქო სექტორმა და ის არის ცესკოს პირველი თავმჯდომარე, რომელსაც აპრიორულად გარკვეული ლეგიტიმაცია და ნდობა გააჩნია. და გააჩნია არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენ წარვადგინეთ, არამედ იმიტომ, რომ ეს კანდიდატი შეირჩა პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად“.

ამას ემატება ახალი თავმჯდომარის მდიდარი ცოდნა და გამოცდილება, თუმცა ვახუშტი მენაბდის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თამარ ჟვანია სერიოზული გამოწვევების წინაშე არ დადგება.

„კოლეგიური ორგანოა ცესკო და მხოლოდ თავმჯდომარე არ იღებს გადაწყვეტილებას, თუმცა ის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თვალი და ყური სამოქალაქო სექტორისათვის ცესკოში. ეს გამოწვევაა თვითონ თამარისთვის და ძალიან დასაფასებელია, რომ მან ეს გამოწვევა მიიღო“, - უთხრა ვახუშტი მენაბდემ რადიო თავისუფლებას.

უნდა ითქვას, რომ თამარ ჟვანია, ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერითაც სარგებლობს. ნიშანდობლივია ის, რომ ერთ-ერთი პირველი, ვისაც ცესკოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ თამარ ჟვანია შეხვდა, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თომას მელია იყო. ამერიკელი დიპლომატის თქმით, მოახლოებული არჩევნები საქართველოს აძლევს შესაძლებლობას აჩვენოს, რომ ის განაგრძობს დემოკრატიულ განვითარებას და, შესაბამისად, ევროატლანტიკური კურსით სვლას. თომას მელიას თქმით, ამჟამად საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემო იმაზე მეტად თავისუფალი და კონკურენტულია, ვიდრე შარშან, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG