Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ვიზიტი დაიწყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა


საქართველოს სამდღიანი ვიზიტით ესტუმრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ჩერნოგორიის პარლამენტის თავმჯდომარე რანკო კრივოკაპიჩი, რომელიც დღეს თბილისში შეხვდა საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს და პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს. ამ უკანასკნელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კრივოკაპიჩმა განაცხადა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ორგანიზაციის მისიის აღდგენას მხარს არა მხოლოდ პოლიტიკურად უჭერს, არამედ მიაჩნია, რომ აუცილებელია შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარებას "ეუთოს მკაფიო პოზიცია" უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. ”გარდა ერთი ქვეყნისა, და მოგეხსენებათ, რომელი ქვეყანაა იგი, ყველა იზიარებს პოზიციას, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და არც ერთი სახელმწიფო არ აღიარებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას”, - განაცხადა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, სწორედ ეს ფაქტორია დაბრკოლება იმისა, რომ საქართველოში 2008 წლის აგვისტოდან ვეღარ ფუნქციონირებს ეუთოს სრულფასოვანი მისია და მას რუსეთი ეწინააღმდეგება. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიას უდიდესი როლი ენიჭება საქართველოში არჩევნების სამართლიანად და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებაში. თავის მხრივ, კრივოკაპიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს არჩევნებამდე ესტუმრება ეუთოს დელეგაცია, რომელშიც 50-ზე მეტი დამკვირვებელი იქნება.
XS
SM
MD
LG