Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ლამბალოში სწავლა ისევ საქონლის სადგომებში განახლდა


გაკვეთილი ლამბალოს სკოლაში
გაკვეთილი ლამბალოს სკოლაში
განათლების მინისტრის დაპირების მიუხედავად, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში სწავლა ისევ საქონლის სადგომებში განახლდა. სკოლის ძველი შენობა 2006 წელს, ექსპერტთა დასკვნის შემდეგ, ამორტიზებულად გამოცხადდა და იქ სასწავლო პროცესი მაშინვე შეწყდა, მისი სრული დემონტაჟი კი გასულ, 2012 წელს მოხდა. სასწავლო პროცესი საქონლის სადგომებსა და გაუქმებულ პურის საცხობებში მიმდინარეობს და, ამგვარად, ირღვევა გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია.

„მე-20 საუკუნეში და, ალბათ, მანამდეც არ ხდებოდა, რომ ბავშვებს ასეთ პირობებში ესწავლათ. ჩვენ მათ, პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადეთ და, მეორე რიგში, მივეცით გარანტია, რომ აქ აშენდება ახალი, თანამედროვე, კომფორტაბელური სკოლა. ამ ზაფხულსვე, როგორც კი დამთავრდება სასწავლო პროცესი, დაიწყება ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები“.

პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი (მარჯვნივ) ლამბალოს სკოლაში სტუმრობისას
პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი (მარჯვნივ) ლამბალოს სკოლაში სტუმრობისას
ეს განცხადება მაშინდელმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და ახლა უკვე პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის მაისში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან შეხვედრისას გააკეთა. მან სოფლის მცხოვრებთ ბოდიში მოუხადა და ახალი სასწავლო წლისთვის სკოლის აშენებას დაჰპირდა. მიუხედავად ამისა, ლამბალოში ახალი სასწავლო პროცესი მოსწავლეებმა საქონლის სადგომებში განაახლეს. ლამბალოელი 1000 - მდე მოსწავლე, დაპირებული სკოლის ახალი შენობის ნაცვლად, სასწავლო წელს ძველ, საქონლის სადგომებში შეხვდა.

როგორც სკოლის დირექტორმა დავით როსტომაშვილმა განაცხადა, განათლების მაშინდელი მინისტრის დაპირების შეუსრულებლობის გამო, მოსწავლეები და მათი მშობლები განაწყენებულნი არიან:

„ისევ დაქირავებულ სახლებში ვართ. ახლა მიმდინარეობს წიგნების გაცემა. პირველკლასელებს უკვე გადავეცით ბუკები. იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილმა მინისტრმა მათ ტყუილი დაპირება მისცა, ლამბალოს სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები განაწყენებულნი არიან. მე მათ მდგომარეობა ავუხსენი და განვუმარტე, რომ სკოლის ახალ შენობას სამინისტრო უახლოეს მომავალში ააშენებს. როგორც შეგვიძლია, ვითმენთ“.

ლამბალოს სკოლის საკითხი და იქ არსებული რეალობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სახალხო დამცველის აპარატმა მდგომარეობა შეისწავლა. ომბუდსმენმა მაშინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს რეკომენდაციით მიმართა:

ლამბალოს ძველი სკოლის შენობის ნანგრევები
ლამბალოს ძველი სკოლის შენობის ნანგრევები
„დაუყოვნებლივ მიიღეთ ზომები, რათა ლამბალოს საჯარო სკოლის ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა შეძლონ ღირსეულ გარემოში განათლების მიღება. ასევე, დააყენეთ იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც წლების განმავლობაში ევალებოდათ და არ უზრუნველყვეს აღნიშნული სოფლის მოსწავლეთათვის სწავლის ღირსეული პირობების შექმნა“.

ომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურის უფროსი ნინო ერემაშვილი დღეს ამბობს, რომ ამ ეტაპზე ლამბალოში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ:

„ჩვენ მათ რეკომენდაციით მივმართეთ და ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით“.

ლამბალოს სკოლის დირექტორი დავით როსტომაშვილი ამბობს, რომ ახალ სასწავლო წელს ლამბალოს სკოლამ 97 პირველკლასელი მიიღო. რაც შეეხება პრობლემატურ შენობას, დირექტორი სამინისტროსგან მიღებულ ახალ დაპირებაზე ლაპარაკობს. მისი განცხადებით, განათლების სამინისტრომ მათ პირობა მისცა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული 12 პრობლემური სკოლიდან უპირატესობას ლამბალოს სკოლის აშენებას მიანიჭებენ:

„ტენდერი გამოცხადებულია გეოლოგიურ დასკვნაზე. აიღებენ იმ მიწის სინჯს, სადაც სკოლა უნდა აშენდეს და ამის შემდეგ გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი. მე ვფიქრობ, რომ ოქტომბრის დასაწყისში მშენებლობა დაიწყება. მე თვითონ ვიყავი განათლების სამინისტროში, გადავამოწმე ინფორმაცია და მითხრეს, რომ ქვეყანაში არსებული 12 პრობლემური სკოლიდან ერთ-ერთი პირველი ლამბალოს საჯარო სკოლა აშენდება“.

სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, საქონლის სადგომებში და გაუქმებულ პურის საცხობებში მიმდინარე სასწავლო პროცესი გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის დარღვევაა. მათივე თქმით, აზერბაიჯანულენოვან სოფელ ლამბალოს სკოლის 1000-ზე მეტ მოსწავლეს უკვე მეშვიდე წელია ადამიანის უფლებისა და ღირსების შემლახველ გარემოში უხდება განათლების მიღება.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG