Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი კენჭს უყრის პრემიერის უფლებამოსილების შემცირების საკითხს


საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შემცირებასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ინიციატივას. საკონსტიტუციო პროექტი პირველი მოსმენით უკვე განხილულია. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განმარტებით, პროექტში მცირე რედაქციული ცვლილებები შევა, რის გამოც ინიციატორი ითხოვს, გადაიდოს დღეისათვის დაგეგმილი კენჭისყრა. უსუფაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უმცირესობასთან მიღწეულია პოლიტიკური კონსენსუსი იმის მიუხედავად, სხვა საკონსტიტუციო თემებზე არსებობს თუ არა შეთანხმება. საუბარია საკანონსტიტუციო ინიციატივაზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასამოქმედებელი რიგი კონსტიტუციური ნორმების შეცვლას ითვალისწინებს. კერძოდ, მმართველი გუნდი პრემიერ-მინისტრისთვის იმ უფლებამოსილების ჩამორთმევას გეგმავს, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღება მთავრობის ნდობის საკითხს "მიაბას". ამასთან, ამავე პროექტის გათვალისწინებით, პარლამენტის მიერ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის მიუღებლობა, უნდობლობის გამოცხადებად ჩაითვლება. აღნიშნული პროექტი პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანაზე კონტროლსაც ეხება. კერძოდ, პროექტის გათვალისწინებით, კონსტიტუციაში რჩება პრეზიდენტის ვალდებულება, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის ხუთი წევრით განახლების შემთხვევაში, პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა წარუდგინოს. ეს ის ნორმაა, რომელიც კონსტიტუციაში ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აღარ იარსებებდა. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების კვორუმთან დაკავშირებულ ინიციატივას, რომელიც ასევე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასამოქმედებელი 3/4-იანი კვორუმის 2/3-მდე დაწევას ითვალისწინებს, საკითხი დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში გათვალისწინებული არ იყო, თუმცა როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, ეს პროექტის დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნას არ ნიშნავს და მასზე პარლამენტი 20 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს. როგორც ცნობილია, კვორუმის 2/3-მდე დაწევას უმცირესობა მხარს არ უჭერს.
XS
SM
MD
LG