Accessibility links

logo-print

უფლებადამცველები აპროტესტებენ აშშ-ში სუდანის პრეზიდენტის შეშვებას


ამერიკელი უფლებადამცველები მოუწოდებენ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ სუდანის პრეზიდენტ ომარ ალ ბაშირს არ მისცეს უფლება მონაწილეობა მიიღოს ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე, რომელიც მომავალ კვირაში იწყება. აქტივისტებს შორის, რომლებმაც აშშ-ის პრეზიდენტს მიმართეს, არიან ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები, მათ შორის მია ფეროუ, ჯორჯ კლუნი და დონ ჩიდლი. რამდენიმე ხნით ადრე კი ჰააგის სასამართლომ მიმართა შეერთებულ შტატებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი სუდანის პრეზიდენტი ამერიკის ტერიტორიაზე აღმოჩნდება, ის დაუყოვნებლივ დააკავონ გენოციდის, სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ ალ ბაშირმა მათ ვიზის მიღების თხოვნით მიმართა, რათა მონაწილეობა მიიღოს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაში. თუმცა ამ დრომე უცნობია აშშ-ის გადაწყვეტილება. აშშ არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი და ამიტომ არ არის ვალდებული ითანამშრომლოს მასთან. ბრალდებები, რომელთაც სუდანის პრეზიდენტს უყენებენ, უკავშირდება პროვინცია დარფურში კონფლიქტს, რომლის დროსაც 3000-მდე ადამიანი დაიღუპა. სუდანის ხელისუფლება უარყოფს ყოველგვარ ბრალდებას, ხოლო ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დასავლეთის ქვეყნების შეთქმულებას უწოდებს.
XS
SM
MD
LG