Accessibility links

logo-print

შსს „პირველადი ინფორმაციით“ არ ადასტურებს დვანში ოკუპაციის ხაზის გადმოწევას


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „პირველადი ინფორმაციით“ არ ადასტურებს სოფელ დვანში ოკუპაციის ხაზის გადმოწევას. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სამინისტრომ გაავრცელა ქარელის რაიონის სოფელ დვანში რუსი საოკუპაციო ჯარების მიერ ღობეების მონტაჟის განახლებასთან დაკავშირებით. სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის, დავით სუჯაშვილის განცხადებით, დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე გაეცნენ მავთულხლართების ინსტალაციის პროცესს და დაადგინეს, რომ ეს პროცესი „დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს“. "სამწუხაროდ, რაც ვნახეთ აქ, ის ბჯენები, რაც უკვე დამონტაჟებულია, რაზეც უკვე მაგრდება ეს ბოძები, ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლო სავარგულებს ყოფს შუაზე, რაც კიდევ ერთხელ პრობლემას უქმნის მოსახლეობას“, განაცხადა დავით სუჯაშვილმა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებაში „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს ამ პროცესთან დაკავშირებით. კვირას უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე რუსმა მესაზღვრეებმა განაახლეს მავთულხლართების გაბმის პროცესი და ეს ხაზი, დაახლოებით, ნახევარი კილომეტრით გადმოსწიეს.
XS
SM
MD
LG