Accessibility links

logo-print

რუსეთისთვის მიუღებელია დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენებზე "თბილისის პოლიტიკური სპეკულაციები"


რუსეთისთვის დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენებზე "თბილისის პოლიტიკური სპეკულაციები" მიუღებელია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სერგეი ლავროვის მოადგილე გრიგორი კარასინი ამ თემაზე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში ფილიპ ლეფორს ესაუბრა. მხარეებმა ჟენევის დისკუსიებისთვის მზადების პროცესი და ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების პერსპექტივები განიხილეს. უწყების ცნობით, ლეფორმა ყურადღება გაამახვილა იმ "პროვოკაციულ ქმედებებზე, რომელსაც თბილისი სამხრეთ ოსეთის საზღვართან ახორციელებს". "მიმდინარეობს პროპაგანდისტული ისტერიკა ცხინვალის ხელისუფლების აბსოლუტურად კანონზომიერ ქმედებაზე, რომელიც სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ვრცელდება აშკარად ცრუ ინფორმაცია საზღვრის თითქოსდა საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადაწევასთან დაკავშირებით. საქართველოს პოლიცია უშუალოდ ერევა "ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქციის" ორგანიზებაში, რასაც მედიასაშუალებებში ტენდენციური ასახვა მოსდევს, როგორც ეს 17 სექტემბერს დიცში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოხდა. უკანასკნელ დღეებში კი ხმაურია დვანის რაიონში მიმდინარე ღონისძიებებთან დაკავშირებით. გასაგებია, რომ ცხინვალის მიერ ბოლო წლებში გეგმაზომიერად მიმდინარე ღონისძიებები, რომლებიც რუსი მესაზღვრეების ხელშეწყობით ეფექტური სასაზღვრო რეჟიმის დამყარებას ისახავს მიზნად, საქართველოსთვის მიუღებელია. თბილისი მზად არ არის, აღიაროს მიხეილ სააკაშვილის 2008 წლის დანაშაულებრივი სამხედრო ავანტიურის შედეგების შეუქცევადობა. თუმცა ემოციების განზრახ გამძაფრება და პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემაზე მიუღებელია. ეს რეგიონულ სტაბილურობაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. რუსეთი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დამკვირვებლები, საქართველოში არსებული წინასაარჩევნო ვითარების გათვალისწინებით, თბილისის მიერ სასაზღვრო რაიონებში "უპასუხისმგებლო ნაბიჯების" გადადგმას შეაჩერებენ. "პრაქტიკული ასპექტები, რომელიც დაკავშირებულია საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე არსებულ რეჟიმთან, მშვიდად და კონსტრუქციულად უნდა განვიხილოთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ფარგლებში, რომელმაც საკუთარი ეფექტურობა უკვე დაამტკიცა", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
XS
SM
MD
LG