Accessibility links

საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარების გამო


ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის უკანონო ქმედებების გაგრძელების გამო დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ”გორის რაიონის სოფელ დიცში მავთულხლართებისა და ღობეების დამონტაჟების განახლების შემდეგ, 22 სექტემბრიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქარელის რაიონის სოფელ დვანში ინტენსიურად განაგრძეს უკანონო ქმედებები, რითიც რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას”, - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ უხეშად არღვევს ოკუპირებულ და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებას. ”რუსეთი, როგორც ოკუპანტი ქვეყანა, რომლის ჯარი უკანონოდ იმყოფება საქართველოში და რომელიც ეფექტურად იყენებს კონტროლის ბერკეტებს საქართველოს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში, საერთაშორისო სამართლის თანახმად ვალდებულია შეწყვიტოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა”, - ნათქვამია განცხადებაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარტნიორ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მიიღონ სათანადო და ეფექტური ზომები, რათა დაუყოვნებლივ შეჩერდეს რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. სამინისტროს განცხადებითვე, რუსეთის უკანონო ქმედებები და შექმნილი ჰუმანიტარული მდგომარეობა ცხადყოფს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის აუცილებლობას.
XS
SM
MD
LG