Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები დღეს პრეზიდენტობის კანდიდატებს შეხვდნენ


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები, რომლებიც საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებას ეცნობიან, დღეს პრეზიდენტობის კანდიდატებს შეხვდნენ. დემოკრატიული მოძრაობის და ლეიბორისტული პარტიის ლიდერებმა, ნინო ბურჯანაძემ და შალვა ნათელაშვილმა დელეგაციის წევრებს განუცხადეს, რომ კანდიდატები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან. ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები შეშფოთებული არიან საარჩევნო კამპანიისას გამოვლენილი ძალადობის ფაქტებით. კოალიცია ”ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, მან ევროპელ პარლამენტარებს საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა და განუმარტა, რომ დღევანდელი ხელისუფლება თავს ადარებს არა წინამორბედს, არამედ განვითარებულ ევროპას და სურს, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს ევროპული სტანდარტებით მიუდგნენ. პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ უშუალოდ საარჩევნო საკითხების გარდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას რუსეთის ქმედებებზე ესაუბრა და მცოცავ ანექსიაზე უფრო აქტიური რეაგირებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG