Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი: არც ერთ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი


ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ ხუთშაბათს, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ არც ერთ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. მან ისრაელს მოუწოდა, შეუერთდეს ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას. როჰანი, რომლის ქვეყანასაც დასავლეთი ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს, საჭიროდ მიიჩნევს, რომ ისრაელმა საერთაშორისო კონტროლს დაუქვემდებაროს თავისი ბირთვული არსენალი. ისრაელს ოფიციალურად არასოდეს უღიარებია, რომ ატომურ იარაღს ფლობს, თუმცა ფართოდ გავრცელებული ვარაუდით, მას აქვს ასეთი იარაღი. როჰანის გამოსვლა წინ უსწრებს შეერთებული შტატებისა და ირანის წარმომადგენლების ისტორიულ შეხვედრას თეირანის ბირთვულ პროგრამაზე მოსალაპარაკებლად. შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში იმართება და მას გამორჩეული მნიშვნელობა ენიჭება მონაწილეების რანგის გამო: ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჯავად ზარიფი ხვდება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჯონ კერის და მასთან ერთად ბრიტანელ, ფრანგ, რუს, ჩინელ და გერმანელ კოლეგებს ფორმატით 5+1.
XS
SM
MD
LG