Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი კონგრესმენის განცხადებით, ვაშინგტონი თვალს არ უნდა ხუჭავდეს რუსეთის აგრესიულ ქმედებაზე


აშშ-ის კონგრესის გავლენიანი დემოკრატი წევრის, ელიოტ ენგელის განცხადებით, ვაშინგტონი გულხელდაკრეფილი არ უნდა უყურებდეს, როგორ ახდენს რუსეთი ზეწოლას თავის მეზობლებზე, რომლებიც ევროპის კავშირთან დაახლოებას ესწრაფვიან. რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა განაცხადა, რუსეთს უნდა შევაგნებინოთ, რომ ჩვენთვის ცნობილია მისი ქცევა და რომ ის არ მოგვწონსო. ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვას, ხომ არ ივიწყებს დასავლეთი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტსო, ენგელმა ასე უპასუხა: „დიახ, ვივიწყებთ და, გულახდილად უნდა გითხრათ, ჩვენდა სამარცხვინოდ ვივიწყებთ. ზოგჯერ ჩვენ ლამის თვალს ვხუჭავთ, რასაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვაკეთებდეთ. პუტინს ჰგონია, რომ შეუძლია მივიდეს სადაც სურს და ვითარება აურ-დაურიოს, სხვები კი რუსეთის ასეთ აგრესიულ ქმედებას თითქოს არ იმჩნევენ. ვფიქრობ, ეს ის საკითხია, რომელსაც გამუდმებით უნდა ვაყენებდეთ და არ ვივიწყებდეთ.“ გასულ კვირაში კონგრესმენმა ენგელმა საგანგებო წერილი მისწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის, რომელშიც საგარეო უწყებას მოუწოდა, უფრო აქტიურად იმოქმედოს რუსეთის მეზობელთა მხარდასაჭერად.
XS
SM
MD
LG