Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მხარს უჭერს ვილნიუსის სამიტზე საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას


ევროკავშირი მხარს უჭერს ვილნიუსის სამიტზე უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას, ხოლო საქართველოსა და მოლდავეთთან მის პარაფირებას - ამის შესახებ ევროკავშირის ხელმძღვანელებმა განაცხადეს ნიუ იორკში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე 6 ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობდა. ევროკავშირს წარმოადგენდნენ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე და ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკიავიჩიუსი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას ევროკომისარმა შტეფან ფიულემ აღნიშნა, რომ აუცილებელია მაქსიმალური ძალისხმევა, რათა ევროკომისიის ამჟამინდელი შემადგენლობის მანდატის ამოწურვამდე მოხდეს საქართველოსა და მოლდავეთთან ასოცირების შეთანხმებების ხელმოწერაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, შეხვედრისას საუბარი იყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებზე რუსეთის ზეწოლის შესახებაც და აღინიშნა, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა და ევრაზიის საბაჟო კავშირში გაწევრიანება ერთმანეთთან შეუთავსებელია.
XS
SM
MD
LG