Accessibility links

logo-print

საქართველოში ვიზიტი დაასრულეს ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრმა ელჩებმა


საქართველოში ვიზიტი დაასრულეს ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრმა ელჩებმა, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოების და კრიზისული სიტუაციების მონიტორინგს ახორციელებენ. ევროკავშირის რეაგირების ვარიანტების მოსამზადებლად ელჩები ხელისუფლების, ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ცხინვალის რეგიონთან მდებარე საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. „კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ გადაადგილების შემზღუდავი ღობეების აღმართვის და ადგილობრივ მოსახლეობაზე მათი გავლენის გამო და კვლავ დაადასტურა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩების ვიზიტს ევროკავშირის წარმომადგენლობა აფასებს მკაფიო ნიშნად იმისა, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის კავშირი საქართველოს, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორს. კომიტეტი მიესალმება ევროკავშირთან ურთიერთობის გასაღრმავებლად საქართველოს მზადყოფნას, მოწადინებულია, რომ ვილნიუსის სამიტზე მოხდეს ასოცირების შეთანხმების პარაფირება და განმარტავს, რომ ასოცირების შეთანხმების წევრობა შეუთავსებელია საბაჟო კავშირის წევრობასთან. ევროკავშირი პატივს სცემს პარტნიორების თავისუფალ და სუვერენულ არჩევანს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მის პარტნიორებზე გაუმართლებელი ზეწოლა მიუღებელია. „იმისათვის, რომ ვილნიუსის სამიტი წარმატებული იყოს, უნდა შევინარჩუნოთ საქართველოს წინსვლა რეფორმების მიმართულებით. პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტი მიესალმება დღეისთვის მიღწეულ პროგრესს და მოუწოდებს საქართველოს, განაგრძოს რეფორმების გზა, კიდევ უფრო გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა და გაუმკლავდეს დარჩენილ გამოწვევებს“, - ნათქვამია პრესრელიზში. ელჩები მოელიან, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება.
XS
SM
MD
LG