Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფრიდომ ჰაუსი" - ინტერნეტ-სივრცე მსოფლიოში უფრო შეიზღუდა


„ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა ანგარიში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ. ავტორთა შეფასებით, გასულ წელს მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების ხარისხი შემცირდა. შეზღუდვები გააძლიერა თვალთვალის გააქტიურებამ, ახალმა კანონმდებლობამ ინტერნეტის შინაარსზე კონტროლის შესახებ, სოციალური მედიის მომხმარებელთა დაპატიმრებამ. „ფრიდომ ჰაუსის“ ინფორმაციით, აქტივისტები სულ უფრო ეფექტიანად მუშაობენ საფრთხეების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე. ანგარიშში აღწერილია ვითარება 60 ქვეყანაში და მოიცავს 2012 წლის მაისიდან 2013 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდს. „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, ირანი, კუბა და ჩინეთი იმ ქვეყნების რიგში რჩებიან, სადაც ყველაზე მეტად იზღუდება ინტერნეტთან წვდომა. ინტერნეტის თავისუფლება სისტემატურად იზღუდება ბელორუსიაში, პაკისტანსა და უზბეკეთში. აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და რუსეთში ინტერნეტთან წვდომა ნაწილობრივ თავისუფლად შეფასდა. „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში ჩამოთვლილია მთავრობების მიერ ინტერნეტზე კონტროლისთვის ყველაზე ხშირად გამოყენებული ზომები, მათ შორისაა: ბლოკირება და ფილტრაცია, კიბერ-შეტევები მთავრობის კრიტიკოსთა წინააღმდეგ, დაკავებები, ფიზიკური თავდასხმები და მკვლელობა.
XS
SM
MD
LG