Accessibility links

logo-print
გუშინ „წითელი ზონა“ განახლდა - ახალი სეზონი და ახალი გადაცემა, რომელიც არ უნდა გამომეტოვებინა. გადაცემა შეეხებოდა მარტინ ლუთერ კინგის ცნობილ სიტყვას და, საერთოდ, მარტინ ლუთერ კინგს. სტუმრად გადაცემაში გელა ჩარკვიანი იყო, რომელმაც არა მარტო მარტინ ლუთერ კინგზე, არამედ, ზოგადად, ამერიკაში შავკანიანების მოძრაობაზე ისაუბრა. ემოციიდან, რომელიც ამ გადაცემამ დამიტოვა, ახლაც არ გამოვსულვარ, ამიტომ დღევანდელ „ახალგაზრდულ პროგრამაში“ მინდა მეც აფროამერიკელების შესახებ ვისაუბრო, უფრო სწორად, გიამბოთ და მოგასმენინოთ, თუ რა არის ჩემთვის შავკანიანთა ამერიკა.

თემა საინტერესოა და მასზე საუბარი შეიძლება მთელი დღეც გაგრძელდეს - ჩვენ ხომ უდიდესი კულტურის ხალხზე უნდა ვისაუბროთ, ხალხზე, რომელმაც სამყაროს უამრავი გენიალური არტისტი, მუსიკოსი აჩუქა. მათი კულტურა კი ზუსტად იმ თემებიდან, სოციალური მოძრაობებიდან იღებდა საფუძველს, რომლებზეც გუშინ გელა ჩარკვიანი საუბრობდა „წითელ ზონაში“. სეგრეგაცია, შავკანიანთა ბრძოლა გადარჩენისთვის, ეკონომიკური სიდუხჭირე და ა.შ. გადაცემაში მალკოლმ იქსის ერთი გამოსვლა იყო ნაჩვენები, სადაც იქსი ამბობს: „ თქვენ კი ამბობთ, რატომ გძულთ თეთრკანიანებიო! ჩვენ არავინ გვძულს, ჩვენ ისე გვიყვარს საკუთარი ხალხი, რომ ჰგონიათ, თითქოს გვძულდეს ყველა, ვინც უსამართლობას სჩადის მის წინააღმდეგ“. მალკოლმ იქსი სიმართლეს ამბობს, როცა გაიძახის, „ჩვენ ისე გვიყვარს საკუთარი ხალხიო“. ამ ფრაზის სისწორეში განსაკუთრებით მაშინ რწმუნდები, როცა აფრომერიკელების მიერ შექმნილ მუსიკას უსმენ. მე მინდა ვისაუბრო რამდენიმე არტისტზე, რომლებმაც მალკოლმ იქსის ეს ფრაზა მუსიკით გამოხატეს.

ჩემთვის შავკანიანების ამერიკა მუდიმენისა და გილ სკოტ ჰერონის ტრეკია, სახელად „ამერიკა“ - სკოტ ჰერონის სიტყვით დასაწყისში და მუდიმენის რიტმით. სკოტი ბლუზზე საუბრობს და ამბობს, რომ ამერიკა აძლევს ატმოსფეროს ბლუზს და ჩამოთვლის ყველა ფაქტორს, რომელმაც ბლუზის ჩამოყალიბებას შუწყო ხელი. ჰერონი ამ შემთხვევაში ჩემთვის ყველაზე საინტერესო დამკვირვებელია, რომელიც ნაწილობრივ ამ ატმოსფეროს ნაწილია, ნაწილობრივ კი ის იშვიათ ემანსიპირებულ შავკანიანთა ოჯახში გაზრდილი ბავშვია, რომელსაც ასე მძაფრად სეგრეგაცია არ ეხება. სკოტის მამა იამაიკელი ფეხბურთელი იყო, რომელიც ისტორიაში იმით შევიდა, რომ გლაზგოს სელტიკის პირველი შავკანიანი მოთამაშე გახდა 50-იან წლებში. სკოტის დედა ოპერის მომღერალი იყო, თვითონ გილ სკოტ ჰერონმა დაამთავრა ფილდსტონის პრესტიჟული სკოლა, სადაც მაშინ მხოლოდ 5 შავკანიანი სწავლობდა, და ლინკოლნის უნივერსიტეტი. მართალია, მშობლები მალე გაიყარნენ, მაგრამ გილ სკოტ ჰერონს მაინც უფრო მეტი უფლება და საშუალება ჰქონდა ბავშვობასა და ახალგაზრდობაში, ვიდრე მის თანატოლებს. გილ სკოტ ჰერონია ჩემთვის აფროამერიკა, ადამიანი, რომელსაც შეეძლო გაჰქცეოდა პრობლემას, ემანსიპირებულიყო თეთრკანიანთა საზოგადოებაში, მაგრამ ეს არ გააკეთა და საკუთარი ხალხის პრობლემათა საფუძვლების შესწავლა დაიწყო, ხალხს კი ზუსტად ისე დაელაპარაკა, რომ მათთვის ყველაფერი მარტივად გასაგები და აღსაქმელი ყოფილიყო, - მუსიკით.
გილ სკოტ ჰერონი და მუდიმენი - „ამერიკა“



ტრეკის მეორე და განუყოფელი ნაწილია კენი დიქსონ ჯუნიორი, იგივე მუდიმენი. მუდიმენი დეტროიტიდან წამოსული ელექტრონული მუსიკის მოძრაობის ნაწილი და ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. ისიც საინტერესო ტიპია, რომელსაც წლებმა და ტენდენციების ცვალებადობამ ვერაფერი დააკლო. მე მგონია, რომ მისი ცხოვრება ძალიან ჰგავს ჰერონის ცხოვრებას. მართალია, ვერ ვიტყვით, რომ დიქსონი განსაკუთრებული პრივილეგიებით გაიზარდა და ა.შ., მაგრამ ცოდნას და საკუთარი ხალხის გაგებას, მათთვის ემოციისა და დაკვირვებების გადაცემას მის ცხოვრებაშიც დიდი ადგილი აქვს. მუდიმენი 90-იანებში მუშაობდა იქ, სადაც მუშაობა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნებაა, - მუსიკალური ჩანაწერების მაღაზიაში. ის, ფაქტობრივად, მთელი მოძრაობისა და ახალი თაობის ეპიცენტრში აღმოჩნდა, შეეძლო მოესმინა უამრავი ახალი ტრეკისთვის და ხალხისთვისაც ერჩია, თუ რისი მოსმენა ღირდა. მისი ეს გამოცდილება ჩანს მუდიმენის მუსიკაშიც. სემპლების, რიფებისა და გრუვების გამოყენება, მგონი, არავის შეუძლია ისე, როგორც მუდიმენს. კლასიკური სოულ ტრეკების უტილიზაცია, ჯაზ სემპლები, ამას დამატებული ტემპი, რომელიც ახალი თაობის ტექნოპროდიუსერებს მოჰქონდათ. ეს ყველაზე სრულყოფილი მუსიკაა, რომელიც აფროამერიკულ კულტურას აერთიანებს, იღებს საფუძველს სოულიდან და ჯაზიდან და ამატებს რიტმს და ტემპს, რომელიც ახალ თაობას სჭირდება.

მუდიმენს ერთი ტრეკი აქვს, ჩემი საყვარელი ტრეკი, რომელიც მუსიკოსმა მარვინ გეის მიუძღვნა. „The Day We Lost The Soul ” - ასე ჰქვია ტრეკს, რომელსაც მე ქართულად შემდეგნაირად ვთარგმნიდი: „დღე, როცა ჩვენ სული დავკარგეთ“. ეს ერთ-ერთი საუკეთესო თრიბიუთ ტრეკია, რომელიც ოდესმე მომისმენია. ტრეკში ყველაფერს მარტივად ხედავ -სევდას, რომელსაც ხალხს მარვინ გეის გარდაცვალება მოჰგვრიდა და რიტმს, რომლითაც უნდა გაგრძელდეს ცხოვრება „სულის გარეშე დარჩენილ ამერიკაში“. დასაწყისში მუდიმენს რამდენიმე სემპლი აქვს ჩაგდებული, რადიო პროგრამა, რომელიც მარვინ გეის გარდაცვალების შესახებ იუწყება.

შემდეგ კი თვითონ მუსიკა შემოდის, ზუსტად ისეთი, როგორც უნდა იყოს თრიბიუთი მარვინ გეისთვის. მუსიკას არაფერი ეტყობა გლოვის, პირიქით, ძალიან მხიარული ტრეკია, რომელიც უბრალოდ გამოხატავს მარვინ გეის - სოულის მეფეს, აფროამერიკელთა სულს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG