Accessibility links

logo-print

კოტე კუბლაშვილი მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადის წინააღმდეგია


საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ეთანხმება. როგორც კუბლაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები და დაადგინა, რომ მოსამართლეები უვადოდ დანიშვნამდე 3-წლიან გამოსაცდელ ვადას გაივლიან, რაც მათ დამოუკიდებლობას შეუშლის ხელს. "ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ 3 წლით დანიშნული ვერც ერთი მოსამართლე ვერ იქნება ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც უნდა იყოს“, - განაცხადა კუბლაშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ ხელს შეუწყობს სასამართლოს დამოუკიდებლობას - ასეთ ნაბიჯებს არ უნდა დგამდეს. კუბლაშვილი მიუღებელს უწოდებს იმასაც, რომ მოსამართლეები 10-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ისევ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით უნდა დაინიშნოს.
XS
SM
MD
LG