Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი: ხელისუფლებას სურს საქართველოს უფრო სწრაფად განვითარება


”ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში აღარ დარჩა ყველაზე უფრო გამოუსწორებელი სკეპტიკოსიც კი, რომელიც ეჭვს შეიტანდა საქართველოს დღევანდელი ხელსიუფლების არჩევანში და იმაში, თუ რა სურს კოალიცია ქართულ ოცნებას” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა თბილისში, ევროკავშირთან ინტეგარციისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას. დავით უსუფაშვილის თქმით, ხელისუფლებას სურს საქართველოს უფრო სწრაფად განვითარება, მეტი დემოკრატია და წინამორბედისგან განსხვავებით არ მიიჩნევს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებამ რაიმე მიზეზით უნდა მოიცადოს. ”ჩვენ ვთვლით, რომ ევროპა კარს საბოლოოდ გაუღებს სწორედ დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოს” - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის არჩევანია და სწორედ ეს განაპირობებს, რომ ამ სტრატეგიულ მიმართულებას ხელისუფლების შეცვლა არ და ვერ ცვლის. დავით უსუფაშვილის განცხადებითვე, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიზანია ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით წინა ხელისუფლებათა მიღწევებზე დაყრდნობით მიაღწიოს კონკრეტულ შედეგებს. პარლამენტის თავმჯდომარემ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელოაბზეც ისაუბრა. ”ტესტის ჩაბარების დრო ნელნელა უნდა დასრულდეს, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ უკვე ეს არჩევნები იყოს ვილნიუსის სამიტის წინ იმის ყველაზე მკაფიო დემონსტრირება, თუ რა შეიცვალა საქართველოში და რატომ იმსახურებს ქვეყანა ევროპელი პარტნიორების მხარადჭერას” - განაცხადა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, ევროპა, რომლისკენაც საქართველო ისწრაფვის, მრავალპარტიული დემოკრატიის და ხალხის ნების აღმასრულებელი მთავრობის პოლიტიკურ სისტემებს ეფუძნება და არა მორიგი გმირების და მესიის იმედს, როგორც ეს დღემდე ხდებოდა საქართველოში. ”სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გეგმა, რომ შესაძლოა, ახლო მომავალში სხვა როლში მოგვევლინოს, რათა საქართველოს პოლიტიკურ სისტემას და მმართველ კოალიციას მისცეს სწორედ დემოკრატიული გზით განვითარების საშუალება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
XS
SM
MD
LG