Accessibility links

logo-print

გენადი ონიშჩენკო: დაწუნებული ქართული პროდუქცია მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა


რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა ქვეყნის ბაზარზე ქართული ალკოჰოლური პროდუქციის 28 ნიმუშის შეტანის ნება არ დართო რამდენიმე კომპანიას, მათ შორის ”ძმებ ასკანელებს,” ”იმედი 96”-ს და ”შუხმან Wines Georgia”-ს - ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქსს განუცხადა სამსახურის ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ. მისივე თქმით, დაწუნებული ქართული პროდუქცია მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. ”ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ გვაიძულა ეჭვი შევიტანოთ ქართული მხარის სურვილში დაამყაროს ხანგრძლივვადიანი, სტაბილური და ცივილიზებული ურთიერთობა, რომლის საფუძველი იქნება რუსეთის ბაზრისთვის სტაბილურად ხარისხიანი ღვინის მიწოდება”, - განაცხადა ონიშჩენკომ. მისივე Sეფასებით, უარყოფითი დასკვნების სიმრავლე ცხადყოფს, რომ საქართველოში ღვინის ყველა მწარმოებლისთვის არ იქცა გაკვეთილად მრავალი წლის განმავლობაში არსებული სიტუაცია. ”ეს გვაძლევს საფუძველს, რომ შესაძლოა გადაიხედოს ჩვენი დამოკიდებულება ქართული მხარის განზრახვისადმი დაამყაროს საქმიანი და პარტნიორული ურთიერთობა”, - განაცხადა ონიშჩენკომ. მისივე თქმით, ქართული პროდუქციის დაწუნებული სახეობების რაოდენობის გაზრდის ფონზე სიტუაცია სულ სხვაგვარია ”აფხაზეთის სახელმწიფოსთან” მიმართებით. ონიშჩენკოს ინფორმაციით, აფხაზეთი რუსეთის ბაზარს აწვდის ალკოჰოლურ პროდუქციას, რომლის ხარისხისადმი სერიოზული პრეტენზიები არ არსებობს და წელს ამ პროდუქციის მოცულობამ 8,5 მილიონი ლიტრი შეადგინა. რაც შეეხება ქართულ პროდუქციას, რუსეთის სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ზაფხულის შემდეგ რუსეთის ბაზარზე შეტანილია 22 მწარმოებლის ალკოჰოლური პროდუქციის 1739 პარტია, რომლის საერთო მოცულობა 6 მილიონ ლიტრს აღემატება.
XS
SM
MD
LG