Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭის ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადების მხარდამჭერებმა გაავრცელეს პეტიცია


სოჭის ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადების მხარდამჭერებმა ფეისბუკით გაავრცელეს პეტიცია, რომელშიც საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მიმართავენ, შეცვალონ ოლიმპიადაში მონაწილეობის გადაწყვეტილება. ”მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფლება სისტემატურად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას და ახდენს საოკუპაციო ზოლის გადმოწევას, ყოვლად გაუმართლებელი იქნება საქართველოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიურ თამაშებში”, - ნათქვამია პეტიციაში. მისი ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს კონფლიქტის ზონასთან მცხოვრები მოსახლეობის შევიწროებას და საკუთარი სოფლებიდან განდევნას. ”ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო შეურაცხყოფას ემსახურება რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ოლიმპიურ ჩირაღდანს 2008 წლის აგვისტოს ომის ე.წ. გმირი ანთებს”, - ნათქვამია პეტიციაში. ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ სოჭის ოლიმპიადისთვის პროტესტის გამოცხადება იქნება საქართველოს ხელისუფლების ადეკვატური პასუხი რუსეთის მიერ ვალდებულებებისა და საერთაშორისო ნორმების დარღვევაზე და გზავნილი მსოფლიო თანამეგობრობისადმი, რომ საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. პეტიციის ხელმომწერთა შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იურისტები, ჟურნალისტები და სტუდენტები.
XS
SM
MD
LG