Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა ზაქარეიშვილი: პეტიციას არ უნდა ჰქონდეს გავლენა მთავრობის გადაწყვეტილებაზე


რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებაზე მოქალაქეების პეტიციამ გავლენა არ უნდა მოახდინოს. როგორც ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებაზე სამოქალაქო საზოგადოების წნეხის მიუხედავად, მიაჩნია, რომ მხოლოდ მეჩირაღდნის გამო გადაწყვეტილების შეცვლა ყოვლად დაუშვებელია. "არავითარ შემთხვევაში ამ პეტიციას არ უნდა ჰქონდეს გავლენა მთავრობის გადაწყვეტილებაზე. არის საკითხები, სადაც მთავრობამ უკეთესად იცის რა ხდება და ყველაფრის თქმა არ შეიძლება. მე მესმის პეტიციის ხელმომწერების, პატივს ვცემ მათ – ჩვენთან სიტყვის თავისუფლებაა, მათ ამის გაკეთების უფლება აქვთ და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს, თუ რამდენად დიდი წნეხის ქვეშ არის საქართველოს მთავრობა, არა მხოლოდ რუსეთის მხრიდან, რომელიც დაინტერესებულია, რომ ჩვენ არ მივიღოთ მონაწილეობა ოლიმპიადაში და ამისთვის მუდმივად ახორციელებს პროვოკაციებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდანაც. მე მესმის მათი, მათ თანავუგრძნობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე, მხოლოდ მეჩირაღდნის გამო, ყოვლად დაუშვებელია, ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა. ამასთან, მისივე შეფასებით, თუ რუსეთის ამოცანაა საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაცია, "ნაციონალური მოძრაობის" ამოცაანაა მთავრობის დისკრედიტაცია. სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირი", რუსი სამხედრო მფრინავი, ივან ნეჩაევი იქნება.
XS
SM
MD
LG