Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძემ "კრიტიკული" უწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებით გამოწვეულ სიტუაციას


საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებით გამოწვეულ სიტუაციას "კრიტიკული" უწოდა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, რომელიც სიტყვით გამოვიდა ვენაში, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე. მინისტრის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ჯარები, უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ძალებთან ერთად ინტენსიურად განაგრძობენ მავთულხლართების და ღობეების გავლებას ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. მაია ფანჯიკიძემ ეუთოს მუდმივ საბჭოს აცნობა, რომ მავთულხლართების მთლიანი სიგრძე ამჟამად შეადგენს 35 კილომეტრს და ამ პროცესის შედეგად უკვე დაზარალდა 65 ქართული ოჯახი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებების გამო ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ახერხებს სასაფლაოებთან მისვლას და ვერ სარგებლობს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებით, წყლის სისტემით და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით. ”რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების თანმიმდევრულ მილიტარიზაციას, არ კისრულობს ძალის გამოუყენებლობის შემხვედრ ვალდებულებას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ აძლევს ოკუპირებულ რეგიონებში შეღწევისა და უსაფრთხოების სიტუაციის შესწავლის შესაძლებლობას”, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, რუსეთის პროვოკაციული და დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებების ფონზე საქართველო კვლავაც მშვიდობიანი და პრაგმატული მიდგომის ერთგულია და არ აპირებს პროვოკაციული მეთოდებითვე რეაგირებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთს ეუთოს ტრიბუნიდანაც მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და ღობეების გავლების პროცესი და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმება და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები.
XS
SM
MD
LG