Accessibility links

ეშტონი „ძალიან მნიშვნელოვნად“ მიიჩნევს ირანის ბირთვულ პროგრამაზე გამართულ შეხვედრას


ჟენევაში დასრულდა ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება, რომელშიც ირანის დელეგაციასთან ერთად მონაწილეობდნენ მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის - გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრისა და გერმანიის - წარმომადგენლები. ორდღიანი მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, კეტრინ ეშტონმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება „ძალიან მნიშვნელოვანი“ იყო. მისი თქმით, მხარეები რამდენიმე სამუშაო შეხვედრის შემდეგ პირველად შეთანხმდნენ ერთობლივ განცხადებაზე. როგორც ეშტონმა აღნიშნა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმოადგინა გეგმა, რომელსაც მოლაპარაკება უნდა დაეფუძნოს და რომელსაც „მნიშვნელოვან წვლილად“ მიიჩნევენ ირანთან მოლაპარაკების მონაწილე ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები. ეშტონის განმარტებით, ჟენევის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საჯაროდ ჯერ არ ისაუბრებენ მოლაპარაკების დეტალებზე. ოთხშაბათს უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის განცხადებით, ირანი მონაწილეობას მიიღებს ჟენევის მომდევნო შეხვედრაშიც, რომელიც რამდენიმე კვირაში გაიმართება ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG