Accessibility links

logo-print

წულუკიანი: დავით კეზერაშვილის საექსტრადიციო პროცედურები დაჩქარდება


თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საექსტრადიციო პროცედურები დაჩქარდება, მაგრამ თუ 40 დღეში ვერ დასრულდა, პატიმრობის გაგრძელებას მოვითხოვთ - განაცხადა დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მისი განმარტებით, კეზერაშვილი წითელი ცირკულარით ძებნილი არ ყოფილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, შსს-ს ინტერპოლის განყოფილების თანამშრომლებმა ფრანგ კოლეგებთან ერთად კარგად იმუშავეს. წულუკიანმა აღნიშნა, რომ კარგი თანამშრომლობის გამო საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს მადლობის წერილი გაუგზავნა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელმაც საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა, საფრანგეთში 14 ოქტომბერს დააკავეს. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები პოლიციაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ კეზერაშვილი საერთაშორისო ორდერის საფუძველზე დააკავეს ნიცის აეროპორტში, საიდანაც ალბანეთში მიემგზავრებოდა. 15 ოქტომბერს დავით კეზერაშვილი გადაიყვანეს ქალაქ ექს-ან-პროვანსში, სადაც სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო პალატამ 40-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ამ ვადის განმავლობაში საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთში უნდა გაგზავნოს მასალები, რომელთა საფუძველზეც კეზერაშვილის ექსტრადიციის საკითხი უნდა გადაწყდეს. საქართველოს ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებულია განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ქრთამის აღებაში, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევაში, ფულის გათეთრებასა და უკანონო შემოსავლის მიღებაში.
XS
SM
MD
LG