Accessibility links

logo-print

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებაში


საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს პრაქტიკულად წარმოუდგენელს, თუმცა, თეორიულად შესაძლებელს უწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ”თუ ეს მოხდება, პირადად მე მარგველაშვილს ვურჩევდი, რომ მონაწილეობა არ მიიღოს” - განაცხადა დღეს ბიძინა ივანიშვილმა რადიოსადგურებისა და პრესის ჟურნალისტებთან შეხვედრისას. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, პოლიტიკური საქმიანობა მან ვალდებულების გრძნობით დაიწყო, რადგან საქართველოს მიიჩნევს ოჯახად, სადაც ყველა უნდა აკეთებდეს საქმეს, რომელიც შეუძლია. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც საქმიანობის გაგრძელებას სწორედ ვალდებულების გრძნობით აპირებს. ”ასეთივეა გიორგი მარგველაშვილიც, მაგრამ ამ ყველაფრის საზომი საზოგადოების ნდობაა და თუ საზოგადოება საეჭვოდ მიიჩნევს, რა თქმა უნდა, ჩემ სამსახურს თავს არავის მოვახვევ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატს არაფერს კარნახობს და გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტილებებს თავად იღებს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებითვე, საპრეზიდენტო არჩევნების პირველსავე ტურში კოალიციის კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია, თუმცა, შემდგომი საზოგადოებრივი საქმიანობისას ენთუზიაზმი ნაკლები ექნება, თუ გიორგი მარგველაშვილს მხარს ამომრჩეველთა 60%-ზე ნაკლები დაუჭერს. რაც შეეხება თავად არჩევნებს, პრემიერ-მინისტრის თქმით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ევროპული არჩევნები და ეს დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა.
XS
SM
MD
LG