Accessibility links

logo-print

მოსკოვში სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა გახმაურებულ მკვლელობაში ეჭვმიტანილ აზერბაიჯანელს


მოსკოვში სასამართლომ 10 დეკემბრამდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა აზერბაიჯანის მოქალაქე ორხან ზეინალოვს, რომელიც ეჭვმიტანილია მოსკოვის მკვიდრი ეგორ შჩერბაკოვის მკვლელობაში. დღესვე ზეინალოვმა უკან წაიღო ჩვენება, რომ ეგორ შჩერბაკოვი 10 ოქტომბერს ცივი იარაღით მოკლა თავდაცვისას. ზეინალოვი თავს უდანაშაულოდ ცნობს. შჩერბაკოვის მკვლელობას კვირას მოჰყვა საპროტესტო აქცია და არეულობა მოსკოვის ბირიულიოვოს რაიონში. დემონსტრანტები იმიგრანტების საწინააღმდეგო ლოზუნგებით შეიჭრნენ სავაჭრო ცენტრში. არეულობას მოჰყვა პოლიციის მიერ 1200-ზე მეტი მიგრანტის დაპატიმრება და ხილ-ბოსტნეულის საწყობის დროებით დახურვა. ხუთშაბათს გავრცელებული ცნობით, ბაქო რუსეთს მოუწოდებს, უზრუნველყოს გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებით დაკავებული ორხან ზეინალოვის უფლებების დაცვა. მოსკოვში დაფუძნებულ ტელევიზია დოჟდ ტივისთან საუბარში, რუსეთში აზერაბიჯანის ელჩმა, პოლად ბიულბიულმა აღნიშნა, რომ „ძალიან უსიამოვნო“ შეგრძნება დაეუფლა, როცა ტელევიზიაში აჩვენეს კადრები, როგორ შეათრიეს ეჭვმიტანილი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფისში: „ჯერ ერთი, ეს არღვევს სასამართლო-საპროცესო კოდექსის ყველა კანონს. უფლებადამცველები უკვე წერენ ინტერნეტში, რომ დაირღვა დაკავებულის უფლებები. ის უცხოელია და მას შესაბამისად უნდა მოექცნენ. უწინარეს ყოვლისა, უნდა დაუშვან საკონსულო მხარდაჭერა - კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ენობრივი მხარდაჭერა და ადვოკატის მხარდაჭერა“, - ამბობს მოსკოვში აზერბაიჯანის ელჩი რუსეთში გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებული აზერბაიჯანელის დაკავებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG