Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ხუდონჰესის მშენებლობის შესახებ მთავრობის განცხადებებს ეხმაურება


ხუდონჰესის მშენებლობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ენერგეტიკის მინისტრის განცხადებებს კომპეტენტურ ორგანიზაციებსა და მოსახლეობაზე ზეწოლად აფასებს 20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია. მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის თანახმად მსგავსი პროექტის განხორციელების საკითხის გადაწყვეტა არა ენერგეტიკის სამინისტროს, არამედ სახელმწიფოს კომპეტენციაა და მათ შორის ითვალისწინებს ნებართვის და ლიცენზიის გაცემას ეკონომიკის და გარემოს დაცვის სამინისტროების მიერ. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებითვე, მიუხედავად იმისა, რომ ხუდონჰესის აშენების მსურველ კომპანიას ნებართვისთვის ჯერ არც კი მიუმართავს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისთვის, პრემიერ-მინისტრი და ენერგეტიკის მინისტრი აცხადებენ, რომ ჰესი აუცილებლად აშენდება. ”ეს არის საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში გამოყენებული სამარცხვინო და ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი პრაქტიკის გაგრძელება, როდესაც ქვეყნის პირველი პირები ყოველგვარი სოციალურ-ეკონომიკური, თუ გარემოსდაცვითი გათვლების გარეშე, ერთპიროვნულად იღებდნენ ამა თუ იმ პროექტის განხორციელების გადაწყვეტილებას” - ნათქვამია განცხადებაში. მისი ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ ხუდონჰესის პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაუბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებს და გამოკვლეულ იქნას ინტერესთა კონფლიქტის და ელიტური კორუფციის მექანიზმები, რათა მათი არსებობის მცირე შესაძლებლობაც კი გამოირიცხოს.
XS
SM
MD
LG