Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია ორი პირი 2008 წლის 21 მაისის ტერაქტის მოწყობის ბრალდებით


ტერაქტის მოწყობის ბრალდებით დაკავებულნი არიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა და შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია. შსს-ს განცხადებით, ”გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, შამათავამ სამინისტროს მაღალი თანამდებობის სხვა პირებთან ერთად ორგანიზება გაუკეთა და განახორციელა ტერორისტული აქტი, რამაც შექმნა ადამიანის სიცოცხლის მოსპობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის საშიშროება და ხელყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება.” სამინისტრის ცნობითვე, 2008 წლის 21 მაისს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისთვის სოფელ ხურჩაში მობილიზებული იყო გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსახლეობა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით აპირებდა ზუგდიდში გამგზავრებას. ”რომან შამათავამ და მალხაზ მურღულიამ თანამზრახველებთან ერთად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ურთიერთშორის ნაწარმოები მრავალჯერადი გასროლით მშვიდობიან მოსახლეობაში გამოიწვიეს პანიკა, მურღულიამ კი ყუმბარმტყორცნიდან ორი გასროლით ააფეთქა ხალხის გადასაყვანად მობილიზებული ავტობუსები”, - ნათქვამია შსს-ს დღევანდელ განცხადებაში. მისივე ცნობით, აფეთქების შედეგად დაიჭრა მოქალაქე ნანი ქარდავა და სრულად განადგურდა ორივე ავტობუსი, მოგვიანებით კი მძღოლებსა და დაჭრილ მოქალაქეს ზარალი შსს-ს ფარული ასიგნებებიდან აუნაზღაურეს. დაკავებულ პირებს 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 2008 წლის 21 მაისს ხურჩაში მომხდარი აფეთქების შემდეგ საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გალის რაიონიდან ზუგდიდისკენ არჩევნებში მონაწილეობისთვის მიმავალ მოქალაქეებს ცეცხლი აფხაზეთის უკონტროლო ტერიტორიიდან გაუხსნეს.
XS
SM
MD
LG