Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა ივანიშვილის შეხვედრა პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და მათი ერთობლივი პრესკონფერენცია. ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, რადოსლავ შიკორსკის და კარლ ბილდტის ვიზიტი ადასტურებს პოლონეთისა და შვედეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიერ არჩეული ევროინტეგრაციის კურსის მიმართ და ამ პროცესში ,,აღმოსავლეთის პარტნიორობის" მნიშვნელობას. პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მინისტრები საქართველოში სტაბილური ვითარების შენარჩუნებაში დაარწმუნა, თუმცა, გარკვეული ეჭვი მაინც რჩება. ”ეს ნორმალურია, რადგან თანამდებობას პრაქტიკულად ერთდროულად დატოვებს ორი გამოკვეთილი ლიდერი - სააკაშვილი 17 ნოემბერს, ინაუგურაციის შემდეგ, და მე ინაუგურაციიდან დაახლოებით ერთ კვირაში” - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების წუხილი უკავშირდება იმას, რომ დიდხანს არ გაგრძელდეს სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რაშიც თავადაც ეთანხმება, თუმცა რაიმე პირობა ან გარანტია არ მიუცია. ”ცოტა განსხვავება ჩვენს ხედვებში ის არის, რომ საქართველოში არსებულ რეალობას ჩვენ უკეთ ვიცნობთ, სხვა მხრივ კი სრული თანხვედრაა” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მან კვლავ გაიმეორა, რომ საქართველომ ნაკლებად უნდა იყუროს უკან, ნაკლებად ჰქონდეს შურისძიების განცდა და ევროპისკენ სწრაფვა ერთიანობით, თანადგომით და შენებით განაგრძოს. ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ევროპისკენ სწრაფვას დააჩქარებს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ევროპული სტანდარტებით ჩატარდება.
XS
SM
MD
LG