Accessibility links

ბაჩანა ახალაიას 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდა ”ციხის ბუნტის” საქმეზე


თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო ე.წ. ციხის ბუნტის გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში. ახალაიასთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ამჟამად ძებნილი მეგის ქარდავა, დავით ჭაკუა და რევაზ ჭარბაძე. მათ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით და 3 წლით ჩამოართვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. ამასთან, 2012 წლის ამნისტიის კანონის საფუძველზე ოთხივე ბრალდებულს სასჯელი შემცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა პატიმრობა 3 წლითა და 9 თვით და დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა 2 წლის და 3 თვის ვადით. მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, ახალაიას დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 4 ათასი ლარის გადახდა, დანარჩენ ბრალდებულებს კი 3 ათასი ლარის. ბაჩანა ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულ სამ პირს პროკურატურა ადანაშაულებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რომელიც ჩადენილი იყო ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თავისუფლებაშეზღუდული პირებისთვის ძლიერი ფიზიკური და მორალური ტანჯვის მიყენებაში.
XS
SM
MD
LG