Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როლანდ ახალაიამ პოლიტიკურ დაკვეთად შეაფასა ბაჩანა ახალაიას განაჩენი


თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი განაჩენი პოლიტიკურ დაკვეთად შეაფასეს ბაჩანა ახალაიას მამამ, პარლამენტის წევრმა როლანდ ახალაიამ და ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, პროკურატურის ბრალდება და მოსამართლის გადაწყვეტილება კრიმინალური ავტორიტეტების ჩვენებებს ეფუძნებოდა. განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ ახალაიას და სხვა ბრალდებულთა ადვოკატები. მათი შეფასებით, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უკანონო და დუსაბუთებელია. ბაჩანა ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა გოგა ონიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამამტყუნებელი განაჩენი მთავარი პრუკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილთან შეხვედრისას მიღებული დავალების შედეგად გამოიტანა. ადვოკატის განცხადებას სისულელე უწოდა პროკურორმა ლევან ადეიშვილმა. მისივე თქმით, ბრალდების მხარე გამამტყუნებელ განაჩენს ელოდა, რადგან პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა არა მხოლოდ დაზარალებულთა ჩვენებები, არამედ მოწმედ დაკითხული, სასჯელაღსრულების დაწესებულებების 14 ხელმძღვანელის ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები. დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლემ ეკა არეშიძემ განაცხადა, რომ მთავარი პროკურორის მოადგილესთან მოსამართლის შეხვედრა გამორიცხულია.
XS
SM
MD
LG