Accessibility links

logo-print

მატი რაიდმა: რასაც ჩვენ გუშინ დავაკვირდით, ევროპული არჩევნები იყო


27 ოქტომბერს, მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები გამჭვირვალე და ეფექტურად ადმინისტრირებული იყო - ნათქვამია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ დღეს გამოაქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში. მისიის შემადგენლობაში იყვნენ ეუთოს დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა ოფისის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები. მათი შეფასებით, არჩევნებისას უზრუნველყოფილი იყო გამოხატვისა და შეკრების ფუნდამენტური უფლებები, კანდიდატებს კი ჰქონდათ საშუალება თავისუფლად ეწარმოებინათ წინასაარჩევნო კამპანია. „პოზიტიური და გამჭირვალე არჩევნებით ქართველმა ხალხმა განამტკიცა 2012 წლის არჩევნებით ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა“, - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მისიის ხელმძღვანელმა ჟოაო სუარეშმა. მისივე თქმით, გამჭვირვალე არჩევნები, რომელიც მოჰყვა პოლიტიკურ კოჰაბიტაციას, მეტყველებს, რომ საქართველოში დემოკრატია მწიფდება. ”ქართველ ხალხს შეუძლია იამაყოს იმ დემოკრატიული ნაბიჯით, რომელიც უკვე გადაიდგა“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ილკა კანერვამ. მან მოუწოდა ყველა პოლიტიკურ თუ სამოქალაქო გაერთიანებას, გამოიყენონ მნიშვნელოვანი პროგრესი და განაგრძონ წინსვლა წარსულში ძიების გარეშე. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის მატი რაიდმას შეფასებით, 27 ოქტომბრის არჩევნებმა აჩვენა ქართველი ხალხის ერთგულება დემოკრატიული პროცესების მიმართ. „ის, რასაც ჩვენ გუშინ დავაკვირდით, ევროპული არჩევნები იყო“, - განაცხადა რაიდმა.
XS
SM
MD
LG