Accessibility links

პროკურორი ბაჩანა ახალაიას გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს


ბაჩო ახალაიას და სხვა პირთა მიმართ 7 სპეცრაზმელის საქმეში მონაწილე ბრალდების მხარე აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. ხუთშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლო გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ 2012 წლის 18 აგვისტოს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შვიდი თანამშრომლის მიმართ განახორციელა დასჯა-წამება და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გაუკეთა ორგანიზება სპეცრაზმელების დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. თუმცა, სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მოსამართლემ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბრალდებულთა დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა პირთა ბრალეულობას შერაცხულ ქმედებებში. ძალადობისა და ადამიანის პირადი ღირსების შეურაცხყოფის კიდევ ერთ საქმეზე სასამართლომ ბაჩანა ახალაიას გამამართლებელი განაჩენი წელს აგვისტოშიც გამოუტანა. ამასთან, 2013 წლის 28 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა ახალაია დამნაშავედ ცნო ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე და მას 3 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
XS
SM
MD
LG