Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი: ვაშინგტონი ეგვიპტის დროებით ლიდერებთან ითანამშრომლებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი კაიროში ჩავიდა. ეს ეგვიპტეში მისი პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც იქ ივლისში ისლამისტი პრეზიდენტი, მუჰამედ მურსი გადააყენეს. კერის განცხადებით, ვაშინგტონს სურს აქტიურად ითანამშრომლოს ეგვიპტის დროებით ადმინისტრაციასთან. მან ეგვიპტელებს მოუწოდა გააგრძელონ „დემოკრატიისკენ მსვლელობა“. კერის ვიზიტი ერთი დღით უსწრებს წინ მურსის სასამართლო პროცესის დაწყებას. მურსის ბრალად ედება 2012 წლის დეკემბერში საპრეზიდენტო სასახლის წინ დემონსტრანტების დახოცვის ხელშეწყობა. კერიმ ეგვიპტეში მურსის გადაყენების შემდეგ აგორებული ძალადობის ტალღა დაგმო, თუმცა საკუთრივ მურსის შესახებ არაფერი უთქვამს. ამასთან, კერიმ დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა ეგვიპტისთვის აშშ-ის დახმარების შეწყვეტას და განაცხადა, რომ ქვეყნების ურთიერთობა დახმარებით არ უნდა განისაზღვროს. წელს ვაშინგტონმა დროებით შეაჩერა ეგვიპტისთვის დახმარების სახით ყოველწლიურად 1,5 მილიარდი დოლარის გამოყოფა იმ მიზეზით, რომ ეგვიპტეში დემოკრატიული პროგრესი არ აღინიშნება და ივლისში მურსის დამხობის შემდეგ მისი მომხრეები ძალადობის მსხვერპლნი არიან.
XS
SM
MD
LG