Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკების თარიღზე დიპლომატები ვერ შეთანხმდნენ


სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელმა, ლახდარ ბრაჰიმიმ, ჟენევაში განაცხადა, რომ სირიის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკების თარიღზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკება ამ წლის ბოლომდე დაიწყება. ბრაჰიმიმ ეს განაცხადა მაღალი რანგის დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ. ბრაჰიმიმ მოლაპარაკება დაიწყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებთან და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრით. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ ჩინეთის, საფრანგეთის და ბრიტანეთის წარმომადგენლები. ბრაჰიმი აშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლებს კვლავ შეხვდება 25 ნოემბერს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ სამშაბათს გამოთქვა მოსაზრება, რომ ჟენევა 2-ს უნდა დაესწრნენ როგორც სირიის მმართველი რეჟიმის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. კერის თქმით, ჟენევა 2-ის მიზანია სირიაში გარდამავალი მთავრობის შექმნის გეგმის განხორციელება. ამ საკითხზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს ჟენევის წინა შეხვედრაზე, თუმცა მაშინ ღია დარჩა შეკითხვა, უნდა გადადგეს თუ არა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი.
XS
SM
MD
LG